ჟენევის მოლაპარაკებების 29–ე რაუნდი

ჟენევის დისკუსიების მომლაპარაკებლებმა და შუამავლებმა განაცხადეს, რომ დისკუსიების ბოლო, 29–ე რაუნდი, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართა, „საქმიან“ და „კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა, თუმცა რაიმე პროგრესს ადგილი არ ჰქონია.

მოლაპარაკებები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახელითაა ცნობილი, საქართველოს, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება. მოლაპარაკებები, რომელთაც ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს და ძალის გამოუყენებლობას, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს ეძღვნება.

ივნისში გამართული წინა რაუნდისგან განსხვავებით, როდესაც სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს, ამჯერად მონაწილეებმა შეძლეს მოლაპარაკებების დასრულება.

საქართველოს მთავარი მომლაპარაკებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ წინა რაუნდზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები შეეცადნენ მოლაპარაკებების ფორმატი შეეცვალათ, არსებულ ფორმატში ბოლო რაუნდის ჩატარება თავისთავად უკვე მიღწევაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ შეხვედრა „საქმიან ატმოსფეროში“ ჩატარდა და მონაწილეებმა ორი სამუშაო შეხვედრის „დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი“ განიხილეს.

მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა „გადაიდო“; სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ დევნილთა საკითხი სოხუმის და ცხინვალის პოზიციის გამო „არ იქნა განხილული“. სოხუმი და ცხინვალი, მოსკოვის მხარდაჭერით, აცხადებენ, რომ ისინი არ განიხილავენ ამ საკითხს, სანამ თბილისი ყოველწლიურად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმ რეზოლუციის ინიცირებას ახდენს, რომელიც დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

მეორე სამუშაო ჯგუფის დღის წესრიგის „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან“ დაკავშირებით, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას უკავშირდება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა თანათავმჯდომარეების „მოწოდებას დისკუსიებში წინსვლის და ამ მიზნით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის თაობაზე“.

მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა „ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს, მიმოიხილეს რა ადგილზე წინა რაუნდის შემდეგ განვითარებული მოვლენები. სხვა საკითხებს შორის მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილება, გაუჩინარებული ადამიანები, კულტურული მემკვიდრეობა და წყალზე ხელმისაწვდომობა“.

პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ერთ–ერთი მთავარი თემა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაა. საქართველო, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პირობა ცალმხრივად 2010 წელს დადო, დაჟინებით სთხოვს რუსეთს იგივე ნაბიჯის გადადგმას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო რაუნდზე მისმა წარმომადგენლებმა გამოხატეს „გაწბილება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის საპასუხო ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გამო“.

რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, რასაც თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჟენევის მოლაპარაკებებზე მონაწილეები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ერთობლივი განცხადების მიღების შესაძლებლობას  ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. თბილისს სურს, რომ ამ ტექსტში იმის საჭიროებაზე გაკეთდეს მინიშნება, რომ მოსკოვმაც უნდა დადოს ძალის გამოუყენებლობის პირობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ და თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერის საჭიროება „მნიშვნელოვნად გაიზარდა ნატოს ბოლო სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით“.

„როგორც ეფექტური ნაბიჯი ამ მიმართულებით, განხილულ იქნა დისკუსიების ყველა მონაწილის ერთობლივი განცხადების რუსული პროექტი ძალის გამოუყენებლობის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეებმა შეხედულებები გაცვალეს ძალის გამოუყენებლობის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი, „განაგრძონ მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტზე“.

გამოეხმაურა რა საქართველოს პოზიციას, აშშ–ს დელეგაციამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ მომავალ დისკუსიებს უნდა მოყვეს „პროგრესი მავთულხლართების მოხსნის, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლებზე თავისუფალ გადაადგილებაზე შეზღუდვების გაუქმების და საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თვალსაზრისით“. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მონაწილეებმა „პოზიტიურ კონტექსტში აღნიშნეს საქართველოსთან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის [ადმინისტრაციულ] საზღვრებზე არსებული სტაბილურობა, რაც სულ უფრო მტკიცე ხასიათს იძენს“. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს „ორივე მხრიდან დაძაბულობისა და ემოციური რიტორიკის შემცირებას და სასაზღვრო რაიონებში ვითარების ნორმალიზების ტენდენციას“.

თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან განაცხადეს, რომ ყველა მონაწილემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ჟენევის დისკუსიების, როგორც ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმის მიმართ და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 30–ე რაუნდი 9–10 დეკემბერს გამართონ.