ხაჯიმბა: მოსკოვთან ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის არმიის ‘მოდერნიზაციას’ დაეხმარება

ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ მოსკოვთან სამხედრო ალიანსს გააძლიერებს და აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციას დაეხმარება, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 11 ოქტომბერს სეპარატისტული რეგიონის შეიარაღებული ძალების 22 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი სამხედრო ალიანსი რუსეთთან. სწორედ აქეთ არის მიმართული ჩვენი ახალი ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ის დაგვეხმარება ჩვენი არმიის სრულმაშტაბიანი მოდერნიზაციის განხორციელებაში, შეიარაღებული ძალების მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის და მომზადების უფრო მაღალ დონეზე აყვანაში და სამხედროების ხელფასების და სოციალური დაცვის მნიშვნელოვნად გაზრდაში“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება ახალგაზრდების თვალში და სამხედრო–პატრიოტული აღზრდის გაძლიერება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)