სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა იგეგმება
სასჯელაღსრულების სისტემაში „ფუნდამენტური“ რეფორმის განხორციელება იგეგმება, რაც, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინტეგრირებას სამინისტროსთან და მინისტრისთვის სრულად დაქვემდებარებას.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაგეგმილი რეფორმის კონცეფცია, რაც 30-მდე კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, 13 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო; მოგვიანებით კი, იმავე დღეს მის ახალ პირველ მოადგილედ ექსპერტი კახა კახიშვილი წარადგინა, რომელიც ბოლო წლებში სარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობდა.
მღებრიშვილის განცხადებით, მისი ახალი მოადგილე დაგეგმილი რეფორმის განხორციელებას გაუწევს კურირებას. წარდგენისას კახიშვილმა განაცხადა, რომ ის შეეცდება წვლილი შეიტანოს „გამართული, ევროპული ტიპის პენიტენციალური სისტემის“ ჩამოყალიბებაში.
რეფორმის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, ასევე დაგეგმილია სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის თანამდეროვე სტანდარტებზე გადაყვანა, სოციალური სამსახურის მოდერნიზაცია, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება. ამასთან, 2016 წლის სექტემბრამდე იგეგმება სასჯელაღსრულების სისტემის მთელი პერსონალის სახელმწიფო სახსრებით გადამზადება.
„ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმა იქნება წარმატებული და ერთხელ და სამუდამოდ აღადგენს ნდობას სისტემისადმი“, – განაცხადა მინისტრმა მღებრიშვილმა.