სოხუმი რუსეთთან ახალი ხელშეკრულების საკუთარ წინადადებებზე მუშაობს
აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა 16 ოქტომბერს სეპარატისტული რეგიონის დეპუტატებს შეხვდა, რათა „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ თაობაზე რუსეთის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი განეხილათ.
„რუსული მხარის და პრეზიდენტ ხაჯიმბას შეხედულებები შემოთავაზებული დოკუმენტის რამდენიმე პუნქტთან მიმართებაში განსხვავდება და შესაბამის სტრუქტურებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაევალათ, რომ ხელშეკრულების აფხაზური ვერსია შეიმუშავონ“, – იტყობინება ხაჯიმბას ადმინისტრაცია.
ამავე ინფორმაციით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები შევლენ და რომელიც რუსეთთან ხელშეკრულების ტექსტზე იმსჯელებს.
ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზური მხარის წინადადებების მოსამზადებლად მჭიდრო ვადებია დაწესებული „სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის“ გამო.
იმავდროულად, აფხაზეთის ახალი ლიდერის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა პარტია „ამცახარამ“ განაცხადა 16 ოქტომბერს, რომ შეთავაზებულ პროექტს „ვერავინ დაეთანხმება“, რადგანაც ის შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომლებიც „სერიოზულად ზღუდავს“ აფხაზეთის „სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“.
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ განაცხადა 14 ოქტომბერს, რომ აფხაზი დეპუტატების რეაქცია შემოთავაზებულ ტექსტზე „ახლოს იყო ნეგატიურთან“, რადგანაც მისი ბევრი პუნქტი „სუვერენიტეტის დაკარგვას ეხება“.