პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა განიხილა
"ძალიან მძიმე" პრობლემას, რომელიც ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება, სახელმწიფო და რელიგიური კონფესიები „დავუპირისპირდებით ერთობლივად“, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 20 ოქტომბერს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ამ თემამ ბოლო დღეებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და პროტესტი გამოიწვია მას შემდეგ, რაც ოჯახური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული კვირის ბოლოს მოხდა, როცა მამაკაცმა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ყოფილი მეუღლე, უნივერსიტეტის ლექტორი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სასულიერო ლიდერებთან შეხვედრაზე გადაწყდა ერთობლივი გრძელვადიანი გეგმის ჩამოყალიბება ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ მხარი დაუჭირა იდეას, რომ 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდეს.
„მე ასეთი განცდა გამიჩნდა, რომ თავის ქადაგებებში ყველა სარწმუნოება გააქტიურებს ამ საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ამ პრობლემას საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გარეშე ცალკე ვერ გაუმკლავდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქო მზადაა ითანამშრომლოს „სხვადასხვა რელიგიებთან ერთად, რომ რამენაირად ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას“.
„კარგია ის, რომ ამ საქმეში მზაობა გამოხატა აბსოლუტურად ყველა რელიგიურმა თემმა“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.