პრემიერ-მინისტრი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კომპლექსური ნაბიჯების საჭიროებაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის  აღმოფხვრას არა „ისტერიკა“, არამედ კომპლექსური ღონისძიებების გატარება სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ყველა იმ საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობით, რომლებიც „რეალურად და გულწრფელად“ არიან დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებაში.

„მხოლოდ თეატრალიზებული წარმოდგენებით და ამ ისტერიკით ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პირიქით კიდევ უფრო დავძაბავთ დაძაბულ მოსახლეობას და საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 22 ოქტომბერს  ძალადობის თემაზე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველ შეხვედრაზე.

მან სახელმწიფო უწყებებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ და მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა, მათ შორის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. 

პრემიერ-მინისტრმა „საგანგაშო“ უწოდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის იმ „საშინელ“ და ზოგჯერ მსხვერპლით დასრულებულ  შემთხვევებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი და გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი პროტესტი, ხოლო მთავრობას ამ მიმართულებით გააქტიურებისკენ უბიძგა.

მისი თქმით, ამ პრობლემას კომპლექსური გამოკვლევა სჭირდება, თუმცა მისი „დრამატიზება“ არ არის საჭირო. 

„ეს ეწინააღმდეგება ჩვენს კანონებს, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ეს ეწინააღმდეგება ჩენს ტრადიციებს და ეს ეწინააღმდეგება ჩვენს მთავარ რელიგიას“, – განაცხადა მან, „ქართველი კაცი ყოველთვის იყო და ვართ ჩვენ ამაყი იმის გამო, რომ ჩვენ ყოველთვის ვცემთ დიდ პატივს ქალს და ქალბატონებს და ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ქართველი მამაკაცებისთვის, ქალების ამგვარი მოპყრობა“. 

„ამას არ სჭირდება დრამატიზირება“, – განაგრძო მან, „მთელ მსოფლიოში ასე არის. ეს უნდა აღვიქვათ ნორმალურად, სამუშაო პროცესია და ამას სჭირდება გამოსწორება, მუშაობა და ეს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოგვარდება, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა“.

მისი თქმით, ეს შესაძლოა იმ „სტრესსაც“ უკავშირდებოდეს, რომელიც „ათასობით ადამიანმა“ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში მიიღო.

„ასეთი რეპრესირებული მანქანის მოშლის შემდეგ ბუნებრივია ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ არის სტრესის ქვეშ“, – განაცხადა მან, „სააკაშვილმა 320 ათასი ადამიანი გაასამართლა. ათასობით ადამიანი არის რეპრესირებული საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დროს. მათმა დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა დევნა, რეპრესია, წამება, გაუპატიურება და ა.შ.“.  

„ის ფსიქოზი, რაც ჩამოყალიბდა, ეს რთული პრობლემა, რაც ჩამოყალიბდა, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი, რამაც სამწუხაროდ, გამოიღო შედეგი და ახლა ამ თავისუფლების ფონზე წარმოჩინდა“, – აღნიშნა მან.

„რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ამ დაგროვილ აგრესიას სჭირდება ბრძოლა. ჩვენ ვართ მემკვიდრე ამ ძალიან მძიმე წარსულის. ამიტომ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იმავდროულად, 22 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოსმენა გამართა ოჯახში ძალადობის პრობლემების განსახილველად, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გამოთქმული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით კომიტეტი შეიმუშავებს თავის პოზიციას ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე.