ხაჯიმბას სატელევიზიო მიმართვა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 22 ოქტომბერს მოსახლეობისადმი თავის სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ მოსკოვი სულაც არ ცდილობს აფხაზეთს „თავზე მოახვიოს“ მის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი; მან „მშვიდი სამუშაო გარემოსკენ“ მოუწოდა, რათა შემუშავდეს სოხუმის წინადადებები და თავიდან იქნას აცილებული მოსკოვთან ურთიერთობების გაფართოების „იდეის დისკრედიტაცია“.
გაიმეორა რა, რომ არც ის ეთანხმება მოსკოვის მიერ შეთავაზებული პროექტის ზოგიერთ ნაწილს, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე საჯარო დისკუსიებს „დაბალანსებული“ ტექსტის შემუშავება მოყვება, რომელზეც შემდეგ სეპარატისტული აფხაზეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთთან.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ხედვა ხელშეკრულებაზე, მის მთელ რიგ დებულებებთან დაკავშირებით განსხვავდება რუსული მხარის პროექტისგან. მაგრამ არც არავინ ცდილობს, რომ ესა თუ ის პოზიცია თავზე მოგვახვიოს. ეს ყველაფერი შემდგომი მოლაპარაკებების საგანია. ეს სრულიად ნორმალური პრაქტიკაა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში; ამიტომ არ არის საჭირო ისე წარმოვაჩინოთ ვითარება, თითქოს აფხაზეთს რაიმე ულტიმატუმი წაუყენეს. რუსული მხარე მზად არის ღია მეგობრული დიალოგისთვის და იმედოვნებს, რომ ჩვენც იმავეთი ვუპასუხებთ“, – განაცხადა ხაჯიმბამ და დასძინა, რომ „საქმე ეხება მთელი ქვეყნის და არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს“.
„მე არ მივიღებ უსაფუძვლო ბრალდებებს“, – განაგრძო აფხაზეთის ლიდერმა, „აფხაზეთის ხელმძღვანელობა მუშაობს ქვეყნის და მისი ხალხის ინტერესებისთვის; ჩვენ გვინდა, რომ ყველა საკითხი ფართო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მოვაგვაროთ“.
„ამიტომაც, მოვუწოდებ ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალას ურთიერთმოთმინებისა და თანამშრომლობისკენ, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და შექმნან სტაბილურობის პირობები, რაც საჭიროა სახელმწიფო მშენებლობის ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
„აფხაზეთს რუსეთის გარდა სხვა მოკავშირე არ ყავს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების და გაღრმავების იდეის დისკრედიტაცია მოვახდინოთ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციის და აფხაზეთის სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის საფუძველზე განვახორციელებთ“.
მან ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის „საერთო კონტურის შექმნა“, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის გაძლიერება, “რუსეთ–აფხაზეთის საზღვარზე ადამიანების და ტვირთების თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება“, რაზეც საუბარია ახალ ხელშეკრულებაში, „ჩვენს ინტერესებს შეესაბამება“.
ამ იდეებზე უარის თქმა, განაცხადა ხაჯიმბამ, აფხაზეთის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს და „გამოუსწორებელ ზიანს“ მოუტანს სოხუმის ორმხრივ ურთიერთობებს მოსკოვთან.
„ჩვენს გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტში სავსებით კონკრეტული ფორმულირებები ჩავდოთ, რომლებიც ერთი მხრივ, არ გამოიწვევს არანაირ შიშებს ჩვენ სუვერენიტეტთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, ახალ იმპულსს შესძენს რუსეთთან სტრატეგიულ კავშირს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
„ამ საკითხმა კი არ უნდა გაყოს, არამედ უნდა გააერთიანოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს კონსტრუქციული დიალოგისთვის და უთანხმოებების მშვიდი მოგვარებისთვის“, – დასძინა ხაჯიმბამ.