აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ
ჯერ-ჯერობით კვლავ რჩება წუხილები ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმართვასთან დაკავშირებით, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
„ჩვენ ყურადღებით და უკვე დიდი ხანია ვადევნებთ თვალს გამოძიებებს მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების მიმართ. კვლავაც ვამახვილებთ საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების და კანონის უზენაესობის, ასევე გამოძიების გამჭირვალედ წარმოების მნიშვნელობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა ფსაკიმ 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმის და ღია დებატების მიმართ პატივისცემას. როგორც მოგეხსენებათ, რადგან ეს ადრეც ვთქვით, ჩვენ გამოვხატეთ გარკვეული შეშფოთება იმ ფორმის თაობაზე, რომლითაც ზოგიერთი საქმის წარმოება ხორციელდება და ეს შეშფოთება კვლავ ძალაშია“, – დასძინა მან.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გასამართლების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.
კითხვაზე გამოხატავს თუ არა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას ამ საქმეებთან დაკავშირებით, ფსაკიმ უპასუხა, რომ მას არ სურს კონკრეტულ საქმეებს შეეხოს.
„რა თქმა უნდა, როგორც იცით, ყველა ინციდენტი განსხვავებულია. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, როგორც იცით, იყო მთელი რიგი საქმეები, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წუხილები“, – დასძინა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება. ერთ–ერთი საქმე, რომელზეც მოსამართლემ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნას; ახალაია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურის განცხადებით, ახალაიამ მსჯავრდებულთა განაჩენი ფორმალობად აქცია, რაც იმ გარიგების ნაწილი იყო, რომლის სანაცვლოდაც მსჯავრდებულები გირგვლიანის მკვლელობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საიდუმლოდ შეინახავდნენ და შსს–ს ყოფილი თანამშრომლების, მათ შორის ახალაიას ძმის, დათა ახალაიას, რომელიც იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, დანაშაულს დამალავდნენ.
სასამართლომ 20 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ასევე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მერაბიშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მტკიცებულების დამალვაში იმ მიზნით, რომ 2006 წელს, როდესაც მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხელი შეეშალა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენაში.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
კითხვაზე იზიარებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ყოფილმა ხელისუფლებამ ამ საქმეზე მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა, ჯენ ფსაკიმ უპასუხა: „ვფიქრობ, როდესაც მე ვუთითებ კანონის უზენაესობის დაცვის საჭიროებაზე და სასამართლო სისტემის საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებაზე, ეს მინიშნებაა იმ ფაქტზე, რომ მიგვაჩნია ზოგ შემთხვევაში ეს ასე არ ხდებოდა“.
2014 წლის მარტში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაებარებინა.
როდესაც ივლისის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ პირველად წარუდგინა ბრალი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლასთან და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ამ ნაბიჯით „შეშფოთებულია“.
დამატებითი ბრალდებები სააკაშვილს აგვისტოში წარედგინა. მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, ასევე ბრალი დასდო 2005 წელს მაშინდელ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
ივლისში საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის სამი უცხოელი სპეციალისტი მოიწვია საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიზნით, რათა მიეღო მათგან რჩევები ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიების წარმოების პროცესში. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ბრიტანელი ადვოკატი სერ ჯეფრი ნაისი; ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.
23 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ამ ჯგუფის დასკვნა გამოაქვეყნა ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც „არსებული მასალები არის სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისი“ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზოგიერთი სხვა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ "გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმე წარმართულ იქნას სასამართლოში".