მოხეს ინციდენტისას დაკავებულები გაათავისუფლეს, მთავრობას კი ‘არაადეკვატური’ რეაგირებისთვის აკრიტიკებენ
პოლიციის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ნახევრად დანგრეული შენობის გამო მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 14 პირი გათავისუფლებულია.
სამი მათგანი 23 ოქტომბერს ბრალის წაყენების გარეშე გამოუშვეს, ხოლო 11 პირი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ახალციხის სასამართლომ თითოეული მათგანი 250 ლარით დააჯარიმა.
11 დაკავებული, რომელთაც პოლიცია დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებდა ბრალს, უარყოფდა ბრალდებებს და პოლიციას ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებდა საპროტესტო აქციის დროს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების იმ გეგმების წინააღმდეგ გაიმართა, რომელიც ნახევრად დანგრეული შენობის ადგილას, რომელიც ათწლეულების წინ მეჩეთი იყო, სანამ საბჭოთა დროს კულტურის ცენტრად გადაკეთდებოდა, ბიბლიოთეკის აშენებას ითვალისწინებს.
რამდენიმე საზოგადოებრივმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ პოლიციამ სოფელ მოხეში შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ „არაპროპორციული ძალა“ გამოიყენა.
„თვითმხილველების განმარტებით, პოლიცია დაკავებულების მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, თვითმხილველთა განმარტებით, დაკავებულ პირებს შორის რამდენიმე ადამიანი პოლიციამ სასტიკად სცემა. ნაცემია ერთი ქალბატონი, რომელმაც დაზიანებები მიიღო სახეზე. მუსლიმების თქმით, დაკავებულთა შორის არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე პოლიციის ქცევის გადაღებას ცდილობდნენ და რომელთაც პოლიციამ ტელეფონები ჩამოართვა და გაუნადგურა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.
დაპირისპირება 22 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ მოხეში სადავო შენობის ადგილას ბიბლიოთეკის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების შესრულება დაიწყო.
ადგილობრივი მუსლიმი თემი, რომელიც სამცხე–ჯავახეთში მდებარე ამ პატარა სოფლის უმრავლესობას წარმოადგენს, 2007 წლიდან მოყოლებული ამაოდ ცდილობდა შენობის დაბრუნებას, რომელიც ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების მფლობელობაშია.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამის წინააღმდეგი არიან და აცხადებენ, რომ ვინაიდან ადგილობრივ მუსლიმ თემს უკვე აქვს მოქმედი მეჩეთი, რომელიც სოფელში ერთ–ერთ დაქირავებულ სახლში ფუნქციონირებს, სამართლიანი იქნება, თუ სადავო შენობა ორივე თემის მიერ საზოგადოებრივი გამოყენებისთვის აღდგება.
საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია უკვე დიდი ხნის სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობის ჯგუფებისთვის, მათ შორის მუსლიმი თემისთვის.
ადგილობრივი გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ იტყობინება 24 ოქტომბერს, რომ სადავო შენობის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია და სავარაუდოდ, კვირამდე არ აღდგება.
საქართველოს საპატრიარქო დავაში საჯაროდ 24 ოქტომბერს ჩაერია, როდესაც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ განაცხადა, რომ სადავო შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემა „აბსოლუტურად მიუღებელია“. მისი თქმით, მე–16 საუკუნეში ამ ადგილას ქრისტიანული ეკლესია იყო და სადავო შენობა საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეცეს.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მოხეში განვითარებულ მოვლენებს „მცირე ინციდენტი“ უწოდა, განაცხადა 23 ოქტომბერს, რომ ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემებს შორის ხსენებული შენობის თაობაზე დავა იყო და „იმის გამო, რომ თავიდან აგვეცილებინდა ეს კონფლიქტი“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ტენდერი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე, რომელსაც ორივე თემი გამოიყენებდა.
„გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროა და მე, რა თქმა უნდა, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს არის მიუღებელი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მე მინდა განვაცხადო, რომ ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე თანაბარი და აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ აქვს, თუ რომელი მოქალაქე იქნება რომელი რელიგიის კუთვნილების… რა თქმა უნდა, მიუღებელია და დასაგმობია ის, რაც მოხდა გუშინ და იგივე ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ, პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი, თუ მუსულმანი მოსახლეობა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი; ასე რომ, თქვენ ხართ ვალდებულნი, რომ დაემორჩილოთ კანონს; სახელმწიფო, თავის მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენი უფლებები ვინმემ დააზიანოს და შეურაცხყოს, იქნება ეს თქვენი მრწამსი, თუ სხვა; მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ“.
მან ასევე განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ აცნობა მას, რომ ადგილობრივ მუსლიმ ლიდერებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ადგილობრივი მუფთისთვის „პატარა ზომის რეზიდენცია“ აშენდეს.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ ასეთი წინადადება მას გუბერნატორმა შესთავაზა, რომელზეც ის არ დათანხმდა.
ადგილობრივი მუსლიმი ლიდერების კრიტიკის ერთ–ერთ მთავარ სამიზნეს სწორედ გუბერნატორი წარმოადგენს, რომლებმაც მაჭუტაძე მათ მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ გუბერნატორის მკაცრმა მიდგომამ პრობლემის მიმართ კიდევ უფრო გაართულა ვითარება.
თავიანთ ერთობლივ განცხადებაში საზოგადოებრივმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს დავის მოუგვარებლობის გამო.
„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური ძალადობის არა ერთი სერიოზული შემთხვევა გამოვლინდა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). რელიგიურ ძალადობის ყველა ამ ფაქტს კომუნალური ხასიათი ჰქონდა და ის ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფისგან მომდინარე შეუწყნარებლობით იყო განპირობებული. ხელისუფლებამ სათანადოდ არ უპასუხა რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლინებებს, არ უზრუნველყო კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენცია და ეფექტური გამოძიების ჩატარება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლება ღია ლოიალობას ავლენს უმრავლესობის მიმართ და პრობლემის გადაფარვას მუსლიმი თემის უფლებების იგნორირების ხარჯზე ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 23 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, სადაც ის მოხეს ინციდენტზე საუბრობს, „აშკარად არაადეკვატურია და არ პასუხობს ადგილობრივი მუსლიმი თემის საჭიროებებსა და ინტერესს“. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის მინდობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძესთვის, რომელიც სოფელ ჭელაში შსს-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო და ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მათ მიმართ აგრესიული ქცევით გამოირჩევა, მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო“.