საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ტოკიოში
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განუცხადა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 24 ოქტომბერს ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე, რომ იაპონია და საქართველო არიან „მეგობრები, რომლებიც ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებენ“.
„უფრო მეტიც, ორივე ქვეყანა უზარმაზარ ძალისხმევას ახორციელებს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აბემ და საქართველო „საერთაშორისო მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის“ შეაქო.
იაპონიის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ „კიდევ უფრო მეტად პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ერთობლივად საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“.
შეხვედრის შემდეგ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მშვიდობისა და დემოკრატიისადმი სოლიდარობის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრმა აბემ გაიმეორა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე განაცხადა, რომ საქართველოს „დიალოგი რუსეთთან ძალიან დასაფასებელია“.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, რომელიც თავისი ბაზრის ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევს“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს იაპონიის ძალისხმევას გაზარდოს მისი როლი საერთაშორისო არენაზე, რადგან „იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა და დემოკრატიებმა უფრო ძლიერად უნდა გამოთქვან აზრი საერთაშორისო დონეზე“.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თხოვა იაპონიას, რომ იაპონურად საქართველო მოიხსენიებოდეს, როგორც „ჯორჯია“ და არა როგორც „გრუზია“ – ეს არის თემა, რომელიც საქართველომ წლების წინ წამოწია.
„მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტმა მთხოვა მისი ქვეყნის სახელწოდება შეიცვალოს იაპონურად. ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა შეისწავლოს ეს საკითხი „გრუზიას“ „ჯორჯიით“ შეცვლის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა აბემ შეხვედრის შემდეგ.
24 ოქტომბერს პრეზიდენტ მარგველაშვილს და პირველ ლედის მაკა ჩიჩუას იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ და მისმა მეუღლემ მიტიკომ უმასპინძლეს.
იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის დროს პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს ფუმიო კიშიდას, სოფლის მეურნეობის მინისტრს კოია ნიშიკავას და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს ბუნმეი იბუკის.
პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი ახლდა თან, ასევე შეხვდა იაპონიის მმართველი ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იაპონიაში გამართული შეხვედრების დროს განხილულ იქნა რუსეთის „არაკონსტრუქციული“ პოლიტიკა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე „ოკუპაცია“, ასევე მოსკოვის მიერ სეპარატისტულ რეგიონისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების გზით აფხაზეთის „ანექსიისკენ“ მიმართული ბოლოდროინდელი მცდელობები.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამართა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტთან და იაპონიის რუსეთთან და ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის წარმომადგენლებთან.