ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს მთავრობა „არაფრის კეთებაში“ დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა რუსეთი აფხაზეთის „ანექსიას“ ცდილობს და 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დააანონსა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია, თავხედური პრაქტიკულად დე იურე ანექსიის მცდელობა და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ ამა წლის 15 ნოემბერს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც იქნება ხმის მიწვდენა როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა–წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია–ანექსიას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს, ვინც იზიარებს ჩვენს შეშფოთებას მთავრობის მიერ უსაფრთხოებასა და რუსეთთან მიმართებაში წარმოებული კაპიტულანტური პოლიტიკის გამო, შემოუერთდნენ ამ აქციას და ვაცხადებთ მზადყოფნას დავიწყოთ კონსულტაციები ყველასთან 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით“, – დასძინა მან.
ჯაფარიძეს ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის წინ თანაპარტიელების თანხლებით გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო „უდიდესი გამოწვევის“ წინაშე დგას, რასაც ერთიანი პასუხი სჭირდება საზოგადოების მხრიდან.
„მე მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, იმ ძალებს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ცხოვრობენ ერთად; ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თვლის, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს… თითოეულ პატრიოტ ადამიანს ჩვენ მოვუწოდებთ ერთად დავდგეთ 15 ნოემბერს, ერთად ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველები ვდგავართ მაგრად, ქართველები ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ამ მიზნით ჩვენ ვთავაზობთ ყველას, რომ 15 ნოემბრამდე დარჩენილ პერიოდში ჩავატაროთ კონსულტაციები, გავერთიანდეთ, რათა ჩვენი ერთად დგომით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმ დე იურე ანექსიის პროცესისგან, რომელიც დღეს მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაქრაძემ.