ღარიბაშვილი აფხაზ და ოს „ძმებს“ სთავაზობს ავტონომიას ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოში

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზ და ოს ძმებს „ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოს“ ფარგლებში ავტონომია შესთავაზა განაცხადა რა, რომ "სხვის ტერიტორიაზე ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის“ შესახებ გეგმა "უტოპიურია" და ეს "არასოდეს არ მოხდება".

„კიდევ ერთხელ მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს: კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება 27 ოქტომბერს თავის სატელევიზიო გამოსვლაში გააკეთა მთავრობის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის დროს, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

გამოსვლის იმ ნაწილის დასასრულს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების ახლოს მდებარე სოფლებში ორ წელიწადში გაწეულ საქმიანობას ეხებოდა სარწყავი წყლის მიწოდების მოწესრიგების,  გზების შეკეთების,  ამბულატორიების მშენებლობის, 58 სოფლის გაზიფიცირების, ასევე 11 ათასზე მეტი ოჯახისთვის ზამთარში გათბობისთვის დარიგებული 200-ლარიანი დახმარების და იქ მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის საბიუჯეტო დაფინანსების კუთხით, ღარიბაშვილმა აფხაზ „ძმებს“ აფხაზური ენის დღე მიულოცა, რომელიც 27 ოქტომბერს აღინიშნება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოსთან ერთად  შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან.

„მინდა კიდევ ერთხელ შევეხმიანო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ. ეს არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო, ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისკენ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მართლაც გვსურს, რომ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ საქართველოში. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მათ მომავალ თაობაზე, როგორ ხედავენ ისინი პერსპექტივას? როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს გარეშე მათ ცხოვრება, განვითარება, წინსვლა?“

„ძალიან რთულია, როცა  სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. არ მოხდება ეს, მეგობრებო, არასოდეს არ მოხდება. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც ჩვენ – არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არასოდეს არ შევეგუებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ტერიტორია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე“, – განაცხადა მან. 

„თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე“, – აღნიშნა პრემიერმა თავის მიმართვაში.

მისი თქმით, საქართველოს სურვილია, რომ აფხაზებთან და ოსებთან აღდგეს ნდობა იმ „ძალიან მძიმე წარსულის“ შემდეგ, რომელიც „გადავიტანეთ ყველამ ერთად“ და რომლის დროსაც  „იყო ძალიან მძიმე შეცდომები“.

„მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ჩვენ გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა მან, „მე მჯერა, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ ჯერ კიდევ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, შეხედეთ ჩვენს მიდგომას, შეხედეთ ჩვენს რიტორიკას და ჩვენს საქმეს – ჩვენ, საქართველოს რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე“.  

მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას წინამორბედისგან „უმძმესი მემკვიდრეობა“ ერგო და „ძირეული“ რეფორმების გატარება მოუხდა ყველა მიმართულებით, რათა პოლიტიკა „ადამიანზე“ ორიენტირებული გამხდარიყო. 

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან მიღებულ მემკვიდრეობაზე საუბრისას მან ასევე ახსენა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაცია“. ნაციონალური მოძრაობა  15 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს იმის გასაპროტესტებლად, რომ მისი თქმით, საქართველოს მთავრობა „არაფერს აკეთებს“, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის,  იმ რეგიონის „ანექსიის“ მცდელობას, რომლის დამოუკიდებლობაც მოსკოვმა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.   

„დღეს ჩვენ ვიმკით სწორედ იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას, მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში, სააკაშვილის დაუბალანსებელ პოლიტიკას მოჰყვა. უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია მეგობრებო, ის, რომ დღეს საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართებია გაბმული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

„ოკუპირებული არის წლობით ნალოლიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. ეს როდის მოხდა? ეს ხომ მოხდა სულ რაღაც ამ რამდენიმე წლის წინ. ეს არ მომხდარა 20 წლის წინ, ეს არ მომხდარა 25 წლის წინ ან ერთი საუკუნის წინ“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ქვეყნის შუაგულში ათიათასობით გამოდევნილი ადამიანების „ახალი დასახლებები“ გაჩნდა.

„ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რაც ჩვენი ხელისუფლების წინაშე დგას“, – განაგრძო ღარიბაშვილმა, „მაგრამ ჩვენ ჩვენი საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, პროგნოზირებადი მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეთ ჩვენს მთავარ ოცნებას, თითოეული მოქალაქის მთავარ ოცნებას,  რომ ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ საქართველოში“. 

„ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ნდობის აღდგენა. ამას ითხოვს ჩვენგან 21–ე საუკუნის პოლიტიკა და ის გზა, რასაც მე ვუწოდე საქართველოს ოქროს შუალედი. ეს არის, ერთის მხრივ, დაბალანსებული პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ, განვითარებული და წარმატებული ეკონომიკა, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სოფლის მეურნეობა, რომელიც  მისაწვდომი ხდება ჩვენი ძმებისთვისაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს „ძალიან დიდი“ და „უპირობო“ მხარდაჭერა აქვს „დასავლელი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებეული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, რაც „ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია“. 

„ამ ორ წელიწადში ჩვენ ამ მხრივაც გვაქვს წარმატება – თუ წინა მთავრობის დროს იყო ხუთი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ჩვენ ორს უარი ვათქმევინეთ და მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და სასურველ შედეგებამდე მივალთ აუცილებლად“.     

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა ქვეყანამ ვანუატუმ 2013 წლის ივლისში გააუქმა, ხოლო ამავე რეგიონის კიდევ ერთმა ქვეყანამ ტუვალუმ ანალოგიური გადაწყვეტილება 2014 წლის მარტში მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ერთად ამ დროისთვის საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული რჩება ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს მიერ.