ირანელი დეპუტატების ჯგუფი საქართველოს სტუმრობს

ირანის პარლამენტის  საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია 27-31 ოქტომბერს თბილისს სტუმრობს.

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მოაიედ ჰოსეინი სადრი, მისი მოადგილე რუჰოლა ბეიგი ილანლუ, ამავე ჯგუფში შემავალი დეპუტატები მასუდ ფეზეშქიანი და ალაჰვერდი დეჰყანი, უკვე გამართა შეხვედრები დეპუტატ გუბაზ სანიკიძესთან, რომელიც დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან თედო ჯაფარიძესთან – ქართული ოცნების ეს ორი დეპუტატი სექტემბრის დასაწყისში სტუმრობდა თეირანს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ენერგეტიკის მინისტრებთან და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

ვიზიტის ბოლო დღეს ირანელი დეპუტატების ჯგუფს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდება, პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად.