იმერლიშვილი: პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ კონსულტაციები გამართეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის 26 ოქტომბერს გამართული კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც აფხაზეთში შექმნილ ვითარებას მიეძღვნება, 28 ოქტომბერს 18 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა ორშაბათს.

თავდაპირველად სხდომა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში 15 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ის მინისტრი, ვინც არის საქართველოში, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი სხდომას დაესწრება.

მონაწილეთა შორის სავარაუდოდ არ იქნება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც საფრანგეთს ვიზიტით სტუმრობს. გასულ კვირას მინისტრმა ალასანიამ, ისევე როგორც მისმა ზოგიერთმა კოლეგამ, ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვისას პრეზიდენტს წინასწარი კონსულტაციებისკენ მოუწოდეს ოპტიმალური დროის შესარჩევად.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ამ მოწოდებების საპასუხოდ მინისტრებს შეახსენა, რომ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის მნიშვნელობის გამო თავისი ვიზიტი გააუქმა ბრიუსელში, სადაც 28 ოქტომბერს პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 ოქტომბერს მას შემდეგ მოიწვია, რაც იმავე დღეს პარლამენტმა მისი თხოვნის შემდეგ სპეციალური განცხადება მიიღო, სადაც დაგმო რუსეთის მცდელობა მოახდინოს აფხაზეთის ანექსია „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების გზით.  ანექსიის მცდელობაზე საქართველოს რეაგირების საკითხზე იმსჯელა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 18 ოქტომბერს შეიკრიბა.

სამშაბათს დაგეგმილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ამ სათათბირო ორგანოს რიგით მეორე შეკრება იქნება მას შემდეგ, რაც გასული წლის 27 ოქტომბერს  გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად იქნა არჩეული. პირველი სხდომა 1 აგვისტოს გაიმართა ნატოს უელსის სამიტისთვის მზადების თაობაზე, თუმცა მას არ დასწრებია ირაკლი ღარიბაშვილი მიუხედევად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა მაშინაც განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრმა თავდაპირველად მას დაუდასტურა, რომ აპირებდა სხდომაზე მისვლას.