ეროვნული უშიშროების საბჭომ აფხაზეთის საკითხი განიხილა



ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში, 28 ოქტომბერი, 2014 წელი. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, სამშაბათს საღამოს სხდომა გამართა, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების საკითხი განეხილა, რომელიც თბილისმა დაგმო, როგორც მისი სეპარატისული რეგიონის "ანექსიის მცდელობა".

სხდომას, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, ასევე დაესწრო პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წინა სხდომას, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით აგვისტოში პირველად შეიკრიბა, პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი არ დასწრებია.

სხდომის შემდეგ პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ერთად გამოჩნდნენ ჟურნალისტების წინაშე. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის მთავარი თემა იყო ის, თუ „როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან დასადებ ხელშეკრულებასთან მიმართებაში“.

„განვიხილეთ, გავაანალიზეთ მიმდინარე ქმედებები, ის, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე ნაბიჯები, რასაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ძალიან კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და ეს არის ნათელი დემონსტრირება ამისა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, „ჩვენ შორის არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. ეს არის, რა თქმა უნდა, ისეთი საკითხები, რომელზეც პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, ყველანი ვართ ერთსულოვანი და ვიქნებით ასეც“.

სხდომას არ დასწრებიან  ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები – თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. გასულ კვირას მთავრობის ზოგიერთი წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, შეხვედრის გადადების ინიციატივით გამოვიდნენ, რამაც სპეკულაციები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ–მინისტრი და მთავრობა საბაბს ეძებდნენ, რათა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სხდომას არ დასწრებოდნენ. პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის გამო ბელგიაში ვიზიტი გადადო, სადაც 28 ოქტომბერს პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უნდა დასწრებოდა. ახლა მის მაგივრად ბრიუსელს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სტუმრობს, რომელიც ასევე  ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრია.

„საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმებით“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა 27 ოქტომბერს, „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას დაეთმობა“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, ასევე პარლამენტის თავდაცვისა და  უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა სხდომის შემდეგ, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა ეროვნულ უშიშროების საბჭოს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე და იმ გამოწვევების და საფრთხეების თაობაზე, რომელსაც რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება ქმნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)