ღარიბაშვილი „საწყენს” უწოდებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საწყენი“ უწოდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გაფლანგვის ბრალდებით დაკავების შემთხვევას და განაცხადა, რომ „უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას“.
„პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოიძიოს ეს საქმე, რომ არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა მან 29 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში.
თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი იქნა დაკავებული 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. 28 ოქტომბერს პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება „ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენადაც“ მუშაობს.
ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ შეიძლება დადგეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი 2013 წლის მაისში მომხდარი იმ შემთხვევის მსგავსად, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის გაფლანგვის შემდგომში დაუდასტურებელი ბრალდებებით დაკავებას უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა, ღარიბაშვილმა უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ, მე მგონი, ძალიან ჩქარობთ“.