თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაზე სპეკულაცია მოყვა
თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთ ყოფილ და ოთხ მოქმედ თანამშრომელს, რომლებიც 28 ოქტომბერს დააკავეს, ოთხშაბათს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით, რომელიც დიდი ოდენობით თანხების მითვისება/გაფლანგვას ეხება.
დაკავებულთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო ამჟამად დახურულ რეჟიმში მსჯელობს, ვინაიდან საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს.
პროკურატურა აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის და გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის თანამშრომლები 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკვშირებით. დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი კლიენტები უარყოფენ ბრალდებებს.
ამ დაკავებებმა სპეკულაციები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის ნაწილი იყოს, რომლის სამიზნეც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა.
ასევე პარალელები გაივლო იმ საქმესთან, რომელიც 2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ასევე გაფლანგვის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება; მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ.
საკითხის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 30 ოქტომბერს, რომ ალასანია „არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება“.
„იგი არ უნდა გადადგეს, რადგანაც არის ძალიან წარმატებული მინისტრი და ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. თავდაცვის მინისტრი ახლა ატარებს ძალიან წარმატებულ ვიზიტს გერმანიაში და საერთოდ იგი არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა, უბრალოდ არ მინდა მოვლენებს გავასწრო. ვაცალოთ გამოძიებას. თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისთვის და მაქსიმალური გამჭირვალობისთვის“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც კოალიციურ მთავრობაში ალასანიას პარტიას „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენს.
29 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საწყენი“ უწოდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემთხვევას და განაცხადა, რომ „უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას“. კითხვაზე ხომ არ შეიძლება დადგეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი, ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ, მე მგონი, ძალიან ჩქარობთ“.
ალასანიას, რომელიც მისი თანამშრომლების დაკავების დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, ხოლო ამჟამად გერმანიას სტუმრობს, სადაც თავის კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენს შეხვდება, საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 8 ნოემბერს მისი პარტია, თავისუფალი დემოკრატები, რომელიც მმართველი კოალიციის შემადგენლობაშია, ყრილობის გამართვას გეგმავს, სადაც ალასანიას, სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ; ეს პოსტი მან თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვა.
თავდაცვის სამინისტრომ 28 ოქტომბერს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს „საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა განაცხადა 29 ოქტომბერს, რომ მან „ხუთი კოლეგის“ დაკავების საკითხი ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე განიხილა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის მაქსიმალურად ტრანსპარენტული უწყება, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ შესყიდვების პროცესში არსებულ ტრანსპარენტულობას, რაც არაერთგზის აღნიშნულა ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველ რიგში არის დაინტერესებული, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამავდროულად, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მოხდეს საქმის დეკლასიფიკაცია, რაც დამატებით ტრანსპარენტულობას შეძენს გამოძიების პროცესს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 29 ოქტომბერს, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც ის პირადად ყურადღებით მიადევნებს თვალს და დასძინა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა გაგრძელება ექნება ამ საქმეს, ამან უკვე „სერიოზული ზიანი“ მიაყენა შეიარაღებულ ძალებს.
„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. საქმე ეხება სწორედ თავდაცვის მიმართულებას, იმ მიმართულებას, რომელიც თავდაცვაში არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე, ანუ კავშირგაბმულობის სფეროს. გახსოვთ ალბათ 2008 წლის ომის დროს, ეს იყო ერთ–ერთი მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ ჩავარდა და მობილური ტელეფონების იმედზე იყო შეიარაღებული ძალები. ამიტომ ამ საკითხში სიცხადის შეტანა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ეს საქმე ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის. თუ დადასტურდა, რომ ის ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვთ კონკრეტულ პირებს, მართალია, მაშინ ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს, ყველასი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ამასობაში, თუ დადასტურდა, რომ ეს ბრალდება არ არის საფუძვლიანი და მართებული, მაშინ ძალიან სერიოზული ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამ ტიპის საქმე წამოიწყო იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული ან ამ დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემს პირად საქმედაც ვთვლი ამ საკითხს და პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მიყვება ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს – არც ერთი ვარიანტი და არც მეორე ვარიანტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.