საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა



გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე ბერლინში. ფოტო: გერმანიის თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გერმანიაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 30 ოქტომბერს თავის გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენს შეხვდა.

„საქართველო-გერმანიის ურთიერთობები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან ინტენსიური ხდება“, – განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები, 2015 წლიდან ავღანეთში  „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობის საკითხები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის  ახალი პაკეტი განიხილეს.

„მივიღე დარწმუნება გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან, რომ გერმანიას ექნება წამყვანი როლი ამ პაკეტის იმპლემენტაციაში, რაც არის სამომავლოდ ჩვენი ნატოში გაწევრიანების საფუძველი“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„ამასთან ერთად, ორმხრივ ჭრილში ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც მისცემს გერმანული მხარე ქართულ შეიარაღებულ ძალებს საგანმანათლებლო კუთხით, თუ როგორ გაიზარდოს ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს ხელს შეუწყობს ნატოსთან და გერმანიასთან სრულ სამხედრო თავსებადობას“, – განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში, ალასანიამ ასევე მოინახულა ქართული ქვედანაყოფი ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე და განაცხადა, რომ გერმანული მხარე ქართველ სამხედროებს „უმაღლეს“ შეფასებას აძლევს.

„მათი საბრძოლო მზადყოფნა არის ძალიან მაღალი და გააგრძელებენ 2015 წელს ავღანეთში გერმანელებთან ერთად საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ვიზიტამდე საფრანგეთს სტუმრობდა.  ამ ვიზიტებს დაემთხვა მისი თანამშრომლების გაფლანგვის ბრალდებით დაკავება თბილისში, რაზეც მინისტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)