ქართული ოცნება აპირებს გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების შემჭიდროვებულ ვადებში მიღებაზე

ქართული ოცნების პარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა გაიზიარებს პრეზიდენტის შენიშვნებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მიმართა პარლამენტს ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციები მიიღოს 1 დეკემბრამდე, ნაცვლად კანონპროექტით  გათვალისწინებული 28 თებერვლისა.

ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ვეტოს დაძლევის თაობაზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ შედგება. ვეტოს დაძლევას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საგანელიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა „პრინციპულად არ აპირებს“ დაძლიოს ვეტო, რომელიც  მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ მიღებული „სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილება" იყო, რამაც „შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს გარკვეული ვადით“.

„ამიტომ ჩვენ დეკემბრამდე მივიღებთ ახალ კანონს, მაგრამ მას ძალაში შესვლას განვუსაზღვრავთ გარკვეულ გონივრულ ვადაში და უფლებას, ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდში, ანუ კანონის მიღებიდან მის ძალაში შესვლამდე, ჩვენ მოგვიწევს ალბათ მოვახდინოთ გარკვეული ცვლილებები ამ კანონში, რათა ეს კანონი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, იდეალურთან რაც შეიძლება მიახლოებული და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ითხოვენ“, – განაცხადა საგანელიძე უმრავლესობის სახელით. 

პარლამენტმა 30 ოქტომბერს 65 ხმით 31-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფარულ მოსმენებზე ახალი რეგულაციების მიღება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ ორგანოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი წვდომა მოსმენებზე, უზრუნველყოს 2015 წლის 28 თებერვლამდე, ნაცვლად აქამდე კანონით განსაზღვრული 1 ნოემბრისა. იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც წინააღმდეგ მისცეს ხმა, იყო რამდენიმე დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ძირითადად თავისუფალი დემოკრატებიდან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა პრეზიდენტის შენიშვნებს უფრო მჭიდრო ვადების დაწესების თაობაზე. პარლამენტი ამ საკითხს 31 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყვეტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)