პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ კოალიციაში „მიმდინარე კრიზისის“ შესახებ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვენაში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა პირველი კომენტარი და განაცხადა, რომ კოალიციაში მიმდინარე „კრიზისი“ და „პოლიტიკური დაპირისპირება“ საფრთხეს უქმნის „ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქართულ ჯარს“.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზისს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, რომ კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება“, – განუცხადა მარგველაშვილმა 4 ნოემბერს ქართველ ჟურნალისტებს.
„ჩვენ არაერთხელ ხაზი გაგვისვამს იმისთვის, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან“, – აღნიშნა მან.
„შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩავერთვებით ამ პროცესების დარეგულირებაში,“-აღნიშნა მან.
პრეზიდენტი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების” გაეროს მეორე კონფერენციის მუშაობაში. მან ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის ავსტრიელ კოლეგასთან ჰეინც ფიშერთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუჟანოვიჩთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ბან კი მუნთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)