გათავისუფლების შემდეგ ალასანია მასზე და თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებულ ‘შეტევაზე’ საუბრობს

ირაკლი ალასანიამ, პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ მმართველი კოალიციის ქართული ოცნების შემადგენლობაშია, განაცხადა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და უნდა განხორციელდეს ძალისხმევა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი შემდგომი გაღრმავება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში სამშაბათს საღამოს, მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანიას გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა დატოვებდა თუ არა მისი პარტია, თავისუფალი დემოკრატები, ექვსი პარტიისგან შემდგარ მმართველ კოალიციას.

მან განაცხადა, რომ ეს იქნება ერთ–ერთი საკითხი, რომელიც პრემიერ–მინისტრთან და კოალიციის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე იქნება განხილული, როდესაც ოთხშაბათს კოალიციის პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ქართულ ოცნებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არსებული შემადგენლობით, ალასანიამ უპასუხა: „ამის შანსს აბსოლუტურად ვეღავ ვხედავ“.

იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დემოკრატები დატოვებენ კოალიციას, რაც სავსებით მოსალოდნელია, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 10 მანდატი დააკლდება და შედეგად, დაკარგავს უმრავლესობასაც; თუმცა, მმართველ კოალიციას კვლავ უმსხვილესი ჯგუფი ეყოლება 150–წევრიან პარლამენტში, სადაც ის 73 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი,  ამჟამად არსებული 83-ის ნაცვლად.

ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია უმსხვილესია 46 დეპუტატით; ფრაქცია ქართული ოცნება–რესპუბლიკელები 9 დეპუტატისგან შედგება; ქართულ ოცნება–კონსერვატორებს, ქართულ ოცნება–ეროვნული ფორუმს და ქართულ ოცნება–მრეწველებს თითოეულს  6 წევრი ყავს.

ნაციონალური მოძრაობა მეორე უმსხვილესი ჯგუფია პარლამენტში 51 ადგილით.

ექვსი დეპუტატია გაერთიანებული დამოუკიდებელი მაჟორიტარებისგან შემდგარ ფრაქციაში, რომელიც არც უმრავლესობის, არც უმცირესობის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა ეს ფრაქცია უმეტესწილად, თუმცა ყოველთვის არა, სახელისუფლებო წინადადებების მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი.

დარჩენილი 10 დეპუტატი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ზოგიერთმა მათგანმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა, ზოგიერთმა კი ქართული ოცნება და ამჟამად არც ერთი ფრაქციაში, ან ჯგუფში არ არიან გაერთიანებული; ერთ–ერთი მათგანი, კობა დავითაშვილი, მხოლოდ პირობითად არის პარლამენტის წევრი და ფაქტიურად ის საერთოდ არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, მისმა ახლო მოკავშირემ თავისუფალი დემოკრატებიდან ალექსი პეტრიაშვილმა ასევე გააკეთა განცხადება ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ასევე დატოვა თანამდებობა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ალასანიას მეუღლის დაა. ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა იგივეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ასევე თავისუფალი დემოკრატების წევრია, თუმცა მისი თანაგუნდელების თქმით, შეჩერებული აქვს პარტიის წევრობა.

პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება ალასანიას გათავისუფლების შესახებ იყო კულმინაცია იმ დაძაბულობისა, რომელიც 28 ოქტომბერს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ საქმეზე გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავების შედეგად დაიწყო. ამ დაკავებებმა მაშინვე წარმოშვა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიციაში არსებული შიდა დაპირისპირების ნაწილი იყო. ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ალასანიამ სრული მხარდაჭერა აღუთქვა დაკავებულ თანამშრომლებს და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო მათ უდანაშაულობაში. მაგრამ პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მასაც ჰქონდა „შეკითხვები“ თავდაცვის მინისტრთან საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. მთავარმა პროკურატურამ კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამ ექიმს და კვების უზრუნველმყოფელი კომპანიის სამ მენეჯერს ბრალს წარუდგენენ 2013 წელს ჯარისკაცების „მასობრივი“ მოწამვლის საქმეზე. იმავე დღეს, საღამოს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები მისი უწყების წინააღმდეგ, რომელშიც „აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული“,  არის „შეტევა  საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ოთხი საათიც არ იყო გასული, როდესაც პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება.

4 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში ალასანიამ გაიმეორა თავისი ბრალდებები თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო დროს მიმდინარე „კამპანიას“ და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს შორის არსებული კავშირის შესახებ.

„ასეთი მასირებული შეტევა, რაც განხორციელდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, სხვა საფუძველს არ გვიტოვებს, თუ არა რომ დავარქვათ ამას თავისი სახელი – ეს არის კამპანია თავდაცვის უწყების და მისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის მთავარი მანქანის წინააღმდეგ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა დეტალი ამის ირგვლივ გაირკვეს; მე ცხოვრების ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს და გავარკვევ, საიდან მოდიოდა ეს დაკვეთა“, – განაცხადა ალასანიამ.

„ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, ყველა საზოგადო მოღვაწე და მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, ახლა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ“, – განაცხადა მან.

კითხვაზე ეხება, თუ არა ეს ნაციონალურ მოძრაობასაც, ალასანიამ უპასუხა, რომ ეს ეხება ყველას, ვისთვისაც „მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები“.

„იწყება სერიოზული, უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც უნდა გახდეს წყალგამყოფი მათ შორის, ვინც ვდგავართ ევროპულ ღირებულებებზე და ვინც დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც ქართველ ხალხს და საქართველოს არ სჭირდება", – აღნიშნა მან.

კითხვაზე აქვს თუ არა მას რაიმე ეჭვები რომელიმე მინისტრის პროდასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა, რომ მას არცერთ მინისტრზე ასეთი ეჭვები არ გააჩნია.  თუმცა როდესაც მას კონკრეტულად პრემიერ–მინისტრის შესახებ ჰკითხეს, ალასანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ის პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ შეძლებს.

პრემიერ–მინისტრის განცხადების კომენტირებისას, ალასანიამ განაცხადა: „პრემიერ–მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი და დღეს კიდევ უფრო გამიღრმავდა ის ეჭვი, რომ მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო სწორედ იმიტომ, რომ შეელახათ თავდაცვის სამინისტროს იმიჯი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს პირადად მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ერთ–ერთი მიზეზი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არის შესაძლო კონკურენტის ან ოპონენტის პოლიტიკური განადგურების მცდელობა, მაგრამ ამისგან არაფერი არ გამოუვათ“, – განაცხადა ალასანიამ, „ერთ რამეს ვიტყვი იმათთვის, ვინც ეს დაგეგმა: არ არსებობს, რომ მე შემაშინონ, არ არსებობს, რომ ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ მიზნებზე, რომ საქართველო წაიყვანოს ევრო–ატლანტიკური მიმართულებით, ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოხდება“.  

მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ როგორ ფიქრობს, ვინ დგას მის და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ განხორციელებული „კამპანიის“ უკან. 

„ყველა შეკითხვაზე დღეს არ გიპასუხებთ, ველოდები ხვალინდელ შეხვედრას“, – განაცხადა ალასანიამ, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს 5 ნოემბრის შეხვედრა ჰქონდა მხედველობაში.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ ისიც შესაძლოა დააკავონ და გაასამართლონ, ალასანიამ უპასუხა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.  

„რუსთავი 2“–თან ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ ეს არჩევნები 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებული იქნება.

„წინა არჩევნები იყო არჩევნები, როდესაც რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდა ყველა, სხვადასხვა ღირებულების მატარებელი ორგანიზაციები და პარტიები, მომდევნო არჩევნები იქნება სწორედ ღირებულებების ირგვლივ შეკრული პოლიტიკური გაერთიანებების არჩევნები“, – განაცხადა მან.
 
როდესაც მას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე ჰკითხეს, ალასანიამ განაცხადა, რომ მასთან არანარი კავშირი არ აქვს. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ყველამ უნდა მიიღოს მხედველობაში ის, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა – ის გულისხმობდა პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს „კულუარებიდან“.

36 წლის მინდია ჯანელიძე, რომელიც პრემიერ–მინისტრმა თავდაცვის ახალ მინისტრად წარადგინა, არ არის პოლიტიკური ფიგურა და შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

ალასანიამ განაცხადა, რომ ჯანელიძე, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია, „პატრიორია“ და იმედი გამოთქვა, რომ ის გააგრძელებს რეფორმებს თავდაცვის უწყებაში. ჯანელიძე კონტრდაზვერვის დეპარტამენს ხელმძღვანელობდა შსს–ში 2012 წლის ბოლოდან, როდესაც ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)