აშშ–ის ელჩი სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „ლეგიტიმური შეშფოთების“ შესახებ
აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, რომ „ლეგიტიმური შეშფოთება“ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება.
პრემიერ–მინისტრმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც გათავისუფლებამდე ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები „არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“; ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
„ნათელია, რომ საქართველოს დემოკრატიას მნიშვნელოვანი დრო უდგას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 5 ნოემბერს, „ვიცი, რომ თბილისში მყოფი ყველა დიპლომატი, საერთაშორისო საზოგადოება, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა, საქართველოს [მინისტრთა] კაბინეტისა და მთავრობის შემადგენლობა ქართველების გადასაწყვეტია“.
„მაგრამ, რეგიონში არსებული მღელვარებისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა, ერთიანობა და ნათლად გამოხატული ერთგულება სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის მიმართ, [აგრეთვე] საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი“, – განაცხადა მან.
„ვთხოვთ ყველა მხარეს იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად, ყურადღება გაამახვილონ იმ ქვეყნის მომავალზე, რომლის მტკიცე ნავსაყუდელიც ევროატლანტიკური ინსტიტუტებია. გამართლებული არ იქნებოდა მიმდინარე გამოძიების დროს შეერთებულ შტატებს რაიმე პოზიცია დაეკავებინა, მაგრამ ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების რაოდენობა და მასშტაბი წარმოშობს ლეგიტიმურ შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიზებული ფორმით ან პოლიტიკური მიზნებისათვის. ვთხოვთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები ამგვარი აღქმის გასაქარწყლებლად“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა
როდესაც სკანდალი თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავების გარშემო ჯერ კიდევ არ იყო აგორებული, აშშ–ის ელჩმა 30 ოქტომბერს მაშინდელ თავდაცვის მინისტრზე განაცხადა: „ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)