ღარიბაშვილს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენა სურს
იმ შესაძლებლობის ფონზე, რომ ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატების მმართველი კოალიციიდან წასვლის შემთხვევაში ქართული ოცნება პარლამენტში უმრავლესობას დაკარგავს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას „გულწრფელად“ სურს, რომ თავისუფალი დემოკრატების დეპუტატები დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
თავისუფალმა დემოკრატებმა, რომელთა ლიდერიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა, განაცხადეს, რომ თავის გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ. შეხვედრა დღეს 5 საათზეა დაგეგმილი.
„თავისუფალ დემოკრატებში არიან ჩემი მეგობრებიც. ისინი არიან ღირსეული ადამიანები, ძალიან კარგი ადამიანები არიან, და მე მინდა, რომ მათთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, „მაგრამ თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, ეს მათი არჩევანია; დაე, მათ აირჩიონ თუნდაც ალასანია, რომელმაც გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„დღეს 5 საათზე მე დავნიშნე კოალიციის პოლიტსაბჭო. მე ასევე მივმართე თხოვნით თავისუფალი დემოკრატების ფრაქციას, რომ მოვიდნენ სრული შემადგენლობით. ასევე მინდა აქედან მივმართო მათ: მინდა გითხრათ, რომ თავისუფალი დემოკრატების რიგებში არიან ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანები, ისინი არიან და იყვნენ ჩვენი თანამებრძოლები. მე მართლა მინდა გულწრფელად, რომ მათ გააგრძელონ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენთან ერთად ბრძოლა და მათთვის ეს კარი არის ყოველთვის ღია. თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ ქვეყანას, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, ეს დაე იყოს მათი არჩევანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების წასვლის შემთხვევაში, მმართველ კოალიციას სამი ადგილი დააკლდება უმრავლესობისთვის.
თავისუფალი დემოკრატების ფრაქციას, რომელიც ამჟამად ხუთ სხვა ფრაქციასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, 10 დეპუტატი ყავს. მათი უმრავლესობიდან გასვლის შემთხვევაში, ქართული ოცნება კვლავ უმსხვილესი ჯგუფი დარჩება 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 73 დეპუტატით.
ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია უმსხვილესია 46 დეპუტატით; ფრაქცია ქართული ოცნება–რესპუბლიკელები 9 დეპუტატისგან შედგება; ქართულ ოცნება–კონსერვატორებს, ქართულ ოცნება–ეროვნული ფორუმს და ქართულ ოცნება–მრეწველებს თითოეულს 6 წევრი ყავს.
ნაციონალური მოძრაობა მეორე უმსხვილესი ჯგუფია პარლამენტში 51 ადგილით.
ექვსი დეპუტატია გაერთიანებული დამოუკიდებელი მაჟორიტარებისგან შემდგარ ფრაქციაში, რომელიც არც უმრავლესობის, არც უმცირესობის შემადგენლობაში არ შედის, თუმცა ეს ფრაქცია უმეტესწილად, თუმცა ყოველთვის არა, სახელისუფლებო წინადადებების მხარდაჭერისკენაა მიდრეკილი.
დარჩენილი 10 დეპუტატი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, ზოგიერთმა მათგანმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა, ზოგიერთმა კი ქართული ოცნება და ამჟამად არც ერთი ფრაქციაში ან ჯგუფში არ არიან გაერთიანებული; ერთ–ერთი მათგანი, კობა დავითაშვილი, მხოლოდ პირობითად არის პარლამენტის წევრი და ფაქტიურად ის საერთოდ არ მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, მისმა ახლო მოკავშირეებმა თავისუფალი დემოკრატებიდან, სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ასევე დატოვეს პოსტები. პრემიერ–მინისტრმა უკვე დანიშნა ახალი თავდაცვის მინისტრი, თუმცა ჯერ არ წარუდგენია საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი.
ამ სამ ცვლილებას მთავრობაში პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ კაბინეტის 20 წევრიდან სულ ცოტა 7 გამოიცვლება; მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო იმისათვის, რომ მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს. ასევე სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად.