ახალი თავდაცვის მინისტრი დაინიშნა
თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე 5 ნოემბერს ჟურნალისტებს ესაუბრება. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
ახლად დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ „შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი“, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული, „უცვლელი“ დარჩება.
36 წლის ჯანელიძე, რომელმაც ირაკლი ალასანია შეცვალა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაათავისუფლა 4 ნოემბერს, არ არის პოლიტიკური ფიგურა და ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.
მინისტრის პოსტზე დაწინაურებამდე, ჯანელიძე უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მრჩეველი და სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. მანამდე ის შსს–ში კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა 2012 წლის ბოლოდან, როდესაც ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
ჯანელიძის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში კონტრდაზვერვის ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ 2000–2012 წლებში საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა.
„დარწმუნებული ვარ, მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. რაც მთავარია, იგი ერთგულად და ღირსეულად ემსახურება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ნოემბერს ახალი თავდაცვის მინისტრის წარდგენისას.
ჯანელიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს მისი მმართველობა რამდენიმე ძირითად პრინციპს დაეფუძნება.
„შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი დარჩება უცლელი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ჩვენი მთავრობის არჩევანი, ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ნატოს, მოხდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ნატოსთან, ასევე აქტიურად გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან“, – განაცხადა ჯანელიძემ.
„მეორე პრინციპია შეიარაღებულ ძალებში თითოეული მომსახურე ოფიცრის და ჯარისკაცის პატივისცემა“, – განაცხადა ახალმა თავდაცვის მინისტრმა.
„ასევე გაგრძელდება მთავრობის კურსი შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა მან, „შეიარაღებული ძალები არის ძირითადი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში; ამიტომ ჯარი იქნება თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან“.
„ჩემი მმართველობა ასევე დაეფუძნება კანონის უზენაესობას, გამჭირვალეობას და ეფექტურობას“, – განაცხადა ჯანელიძემ.
როდესაც მისი შემცვლელის შესახებ ჰკითხეს, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 4 ნოემბერს, რომ ჯანელიძე „პატრიოტია“ და იმედი გამოთქვა, რომ ის რეფორმებს განაგრძობს თავდაცვის უწყებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)