პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების და ნატოს პაკეტის განხორციელების განხილვის მიზნით მთავრობის სხდომას ითხოვს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი“, მაგრამ იმის სანახავად, ასრულებს თუ არა მთავრობა ამ კურსს „ეფექტიანად“, მან მთავრობას სხდომის მოწვევა სთხოვა მისი მონაწილეობით ამ საკითხის განხილვის მიზნით.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტსაც სთხოვა, რომ უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისადმი და საზოგადოებისადმი.

„ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები, ვართ ბედნიერი რომ ვემსახურებით ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში,  ეს არჩევანი არის ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ ან რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი“, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის სატელევიზიო მიმართვაში ოთხშაბათს გვიან საღამოს ვენიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მან ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების  გაეროს მეორე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

განცხადებები, რომ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა ახლო მოკავშირეებმა გააკეთეს, განაცხადეს რა, რომ თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების ბოლოდროინდელი „პოლიტიკურად მოტივირებული“ დაკავებების სამიზნე ალასანია იყო და ეს წარმოადგენდა შეტევას „საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“. ამგვარ განვითარებას შედეგად ალასანიას გათავისუფლება მოყვა მინისტრის პოსტიდან, რის შემდეგაც თავისუფალმა დემოკრატებმა დატოვეს ქართული ოცნების მმართველი კოალიცია.     

„საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება არის რეალურად შეუძლებელი. მაგრამ, ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ეფექტიანი, კონსტიტიუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს – საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-სთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და უშიშროების საბჭოს მდივანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოებისადმი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.