ღარიბაშვილის თქმით, ზალკალიანის გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები თანამდებობებზე რჩებიან
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, გარდა დავით ზალკალიანისა, რჩებიან თავის თანამდებობებზე მიუხედევად იმისა, რომ ერთი დღით ადრე მათ განაცხადეს, რომ ტოვებდნენ პოსტებს მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად.
„მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 6 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, სადაც ფანჯიკიძის მცდელობას „დემონსტრაციულად თან გაეყოლებინა“ მოადგილეები „უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა“ უწოდა.
მინისტრის მოადგილეებმა თამარ ბერუჩაშვილმა და დავით ჯალაღანიამ, რომელიც კუბას სტუმრობს, განაცხადეს, რომ ისინი დათანხმდნენ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას და რჩებიან თანამდებობებზე.
„გუშინ მქონდა პირადი დეტალური საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგადაც გადავწყვიტე, რომ ვრჩები ჩემ თანამდებობაზე. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი და ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა, რომ ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია მაქსიმალურად მოვახმარო ამ პროცესს“, – განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ტელეფონით თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც 5 ნოემბერს, მინისტრ მაია ფაჯიკიძის მსგავსად, აცხადებდა, რომ პოტს იმ საფრთხის გამო ტოვებდა, რომელიც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ემუქრებოდა.
კიდევ ერთ მოადგილეს, ვლადიმერ გურგენიძეს თანამდებობაზე დარჩენის თაობაზე ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაინიშნება საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად და ასევე ის, თუ რომელი დიპლომატი წარუძღვება ქართულ დელეგაციას ჟენევის დისკუსიებზე დავით ზალკალიანის ნაცვლად.
იმავდროულად, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, თუმცა მას შემდეგ, რაც ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტი შედგება. ლევან დოლიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის ძმაა.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მათი ლიდერის ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ დატოვეს ქართული ოცნების მმართველი კოალიცია. ალასანიას გათავისუფლებას ასევე მოჰყვა მისი ცოლისდის, მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომები – სამივე მათგანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას საფრთხე ემუქრება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც მთავრობაში ასევე "თავისუფალი დემოკრატებს" წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მთავრობა ევროპული კურსის ერთგულია და ის რჩება თანამდებობაზე.