უსუფაშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება, „უსაფუძვლოა“.

ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად არასასურველია“.

მან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის გამოძიების იმგვარად წარმართვა გააკრიტიკა, რამაც ქართულ ოცნებაში შიდა დაპირისპირება გამოიწვია, რასაც ალასანიას გათავისუფლება და მისი პარტიის, "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მმართველი კოალიციის დატოვება მოყვა. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პროცესის ყველა „ძირითადი მონაწილე“ ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა პრობლემები.
 
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ქვეყნის განვითარების კურსი და მთავრობის პოლიტიკა რჩება უცვლელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „შეგახსენებთ, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პარლამენტს ეს კურსი განსაზღვრული აქვს არა ერთხელ, მათ შორის ბოლოს 2014 წლის ივლისში, როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და დავამტკიცეთ საქართველოს მთავრობის საქმიანობის პროგრამა. შესაბამისად, ყოველგვარი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროატლანტიკურ განვითარებას, არის უსაფუძვლო“. 

„თუ რაიმე საფრთხეები და რაიმე პრობლემები შეექმნება ამ კურსის აღსრულებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში ამ მიმართულების წამყვანი მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვება სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებით და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები ამ კურსის აღსრულების მიმართულებით იმიტომ, რომ წამყვანი სამინისტროები გარკვეული დროის განმავლობაში აღმოჩნდა ხელმძღვანელების გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ თანამდებობებს დაიკავებენ შესაბამისი კვალიფიკაციის და შესაბამისი პოლიტიკური ხედვების მქონე ადამიანები და ქვეყანა გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას, მათ შორის უახლოეს დღეებში და კვირებში დაგეგმილი საკითხების წამატებით მოგვარებას, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობაში“.

შემდეგ მან მადლობა გადაუხადა სამ ყოფილ მინისტრს და განაცხადა, რომ მათ „ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანეს ქვეყნის წინსვლაში სწორედ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით“.

„მინდა გამოვთქვა სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ მათთან ერთად კოალიცია ქართულ ოცნებას, საქართველოს პარლამენტს და  საქართველოს მთავრობას აღარ მოუწევს საქმიანობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე იზიარებს, თუ არა ის პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც 6 ნოემბერს ალასანიას „ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური“ და „მოღალატე“ უწოდა და თქვა, რომ მისი  ქართული ოცნებიდან წასვლა უკეთესიცაა, უსუფაშვილმა უპასუხა: „მე ჩემი შეფასებები მოგახსენეთ. ის, რაც მოხდა, იყო უკიდურესად არასასურველი; ის გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული ძირითადი მოთამაშეების მხრიდან, იყო ნაჩქარევი; ის განცხადებები, რომ ქვეყანას ემუქრება რაიმე მყისიერი საფრთხე კურსის შეცლასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა“.

თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „შეიძლებოდა თუ არა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ისე, რომ მას  ამგვარი პოლიტიკური კატაკლიზმები არ მოყოლოდა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“.

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესის ყველა ძირითადი მონაწილე, ნებით თუ უნებლიედ, ზედმეტად აჩქარდა და ამიტომ შეიქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ“, – განაცხადა მან. 

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება „მნიშვნელოვანი დანაკლისია“.

„მე მინდა თავისუფალ დემოკრატებს, მის თითოეულ წევრს მოვახსენო მადლობა იმისთვის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით, ერთად ვშრომობდით და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის კედლებში ძალიან ბევრ საკითხზე და ბევრ თემაზე იმ პირობებში, როდესაც ისინი უმრავლესობის წევრები აღარ იქნებიან, ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ  საქართველოს, ჩვენი ქვეყნის  სასიკეთოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„ამას მე პირადადაც ხაზს ვუსვამ, როგორც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და ჩვენს თანამოაზრეებს ლიბერალებს, თავისუფალი დემოკრატებიდან ვთავაზობ, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ პარლამენტის კედლებშიც და სხვაგანაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ერთად მუშაობა“, – განაცხადა მან. 

მან ასევე განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებამ შესაძლოა მმართველ კოალიციას სირთულეები შეუქმნას, თუმცა იქვე აღნიშნა პარლამენტში „არაფორმალური უმრავლესობის“ არსებობა – ის გულისხმობდა ქართული ოცნების უმრავლესობას დამატებული ის დეპუტატები, რომლებიც მართალია არ შედიან არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, მაგრამ ზოგადად კოალიციის გადაწყვეტილებებს უჭერენ მხარს.   

„კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ არც იმდენად კატასროფული, რომ ჩავთვალოთ, რომ უმრავლესობა იქნება პარალიზებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამ ბოლოდროინდელი მოვლენების გარეშეც მოქმედი პარლამენტი „გამორჩეულია“ წინა პარლამენტისგან თავისი მრავალფეროვნებით, რაც, მისი თქმით, დიდ ძალისხმევას ითხოვს სხვადასხვა ფრაქციებთან შეთანხმების მისაღწევად. მისი თქმით, თავისუფალი დემოკრატების წასვლა ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს.

მას ასევე განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა წარმოაჩინა, რომ საჭიროა „პროკურატურის უკეთ დაცვა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში აღმოჩენისგან“. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მალე გადაიდგმება „ნაბიჯები“, რათა იუსტიციის მინისტრს „შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები“ მიეცეს, რათა მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეებს „არ უწევდეთ პოლიტიკურ საკითხებზე განმარტებების მიცემა ან რაიმე პოზიციის დაფიქსირება“.  მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლები დააკავეს, რაც მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაგმო, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება, პროკურატურამ და მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ საჯაროდ გააკრიტიკეს თავდაცვის უწყების მაშინდელი ხელმძღვანელობა. მართალია კონსტიტუციით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაშია, მაგრამ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი ფაქტიურად სრულიად ჩამოაცილეს პროკურატურის ზედამხედველობას.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)