ღარიბაშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 6 ნოემბერს თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და განუცხადა მათ: „მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევრო–ატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში“.

თავის შესავალ სიტყვაში პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის თავდაცვის მინისტრის გადაყენება და საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომები, იყო „მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე“.

მან ასევე ისაუბრა ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილებაზე მმართველი კოალიცია ქართული ოცნების დატოვების თაობაზე და განაცხადა, რომ ამ პარტიის „გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას კიდევ უფრო გააძლიერებს“.

„ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა მან, „მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ; ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება“.

შემდეგ მან ირაკლი ალასანია გააკრიტიკა მისი, როგორც პრემიერმა აღნიშნა, „უპასუხისმგებლო“ საჯარო განცხადებების გამო თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ გამოძიებებსა და მისი თანამშრომლების დაკავების თაობაზე.  ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ ამ დაკავებებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „შეტევა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“.

„სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. მთავრობის წევრი არ უნდა გამოთქვამდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევრო–ატლანტიკურ პარტნიორებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანამდე 6 ნოემბერს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ალასანია გააკრიტიკა და მას „ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური“ უწოდა.

პრემიერ–მინისტრთან შეხვედრამდე საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა უთხრა ჟურნალისტებს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უწყვეტობის გრძნობა, რაც ნიშნავს ინსტიტუციურ უწყვეტობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების უწყვეტობას“.

მან ასევე განაცხადა, რომ „არსებობს გარკვეული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა პოლიტიკური მიზნით გამოიყენება“.

„ეს ეჭვები, შესაძლოა მცდარიც იყოს, მაგრამ მათი გაქარწყლებაა საჭირო“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „შეშფოთებით“ აღნიშნა ირაკლი ალასანიას გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის პოსტიდან და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, „გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის“.