საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობიდან წასულ მინისტრებთან შეხვედრები სურთ
საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფი აცხადებს, რომ შეხვედრები სურს პრემიერ-მინისტრთან და ასევე მთავრობის ყოფილ წევრებთან, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე „უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები“ მიიღოს ქვეყნის პროდასავლურ კურსთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებმა ოფიციალურად უარყვეს ბრალდება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის შესახებ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას სჭირდება გაცილებით უფრო ღრმა და შინაარსობრივი პასუხები გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია 7 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზა არის ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი. ყოვლად დაუშვებელია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან თუ პირისგან, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა თუ პიროვნული დაპირისპირების გამო საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას შემდეგი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; იდენტობა; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; მრავალეროვანი საქართველო; კონსტიტუციის 42-ე მუხლი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერ დავრჩებით გულგრილნი და პასიურნი იმის ფონზე, როდესაც მთავრობის ყოფილმა წევრებმა დასვეს საკითხი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პრობლემების განზრახ შექმნის მცდელობაზე და ვთხოვთ, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, ისე მთავრობის ყოფილ წევრებს შეხვედრას იმისთვის, რომ მოვისმინოთ მათი შეფასებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოქტომბრის ბოლოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კორუფციული ბრალდებებით დააკავა და მოგვიანებით უწყების წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გაასაჯაროვა, რასაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო შეტევა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე. ამ განცხადების საპასუხოდ ალასანია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა, რასაც მოყვა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომები იმ მოტივით, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საფრთხე ემუქრება. ეს ბრალდებები ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებულ განცხადებებში უარყვეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ განვითარების ფონზე ალასანიას პარტიამ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია და ოპოზიციაში გადავიდა.