თავდაცვის ახალი მინისტრი აშშ–ის ელჩს შეხვდა
აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი (მარცხნივ) და საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე (მარჯვნივ), 7 ნოემბერი, 2014. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი ალასანია შეცვალა, 7 ნოემბერს საქართველოში აშშ–ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა და გაიმეორა, რომ სამინისტროს აშშ–სთან და ნატოსთან თანამშრომლობა „გაგრძელდება და კიდევ უფრო მოიმატებს ინტენსივობა“.
„მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა აშშ–ის ელჩთან. ჩვენ მიმოვიხილეთ გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა როგორც სამხედრო–პოლიტიკურ, ისე სამხედრო–ტექნიკურ სფეროებში“, – განაცხადა ჯანელიძემ, „მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ძალიან მყარად ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენი სამინისტროს პოზიცია, რომ თანამშრომლობა ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ყველა იმ პლატფორმაზე და ყველა იმ ფორმატში გაგრძელდება აქტიურად, ინტენსიურად და კიდევ უფრო მოიმატებს ინტენსივობა, ვიდრე ის მანამდე იყო. ელჩის მხრიდანაც გამოითქვა შესაბამისი მზადყოფნა. ასე რომ, ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ეს საკითხები და კიდევ ახალი ინიციატივები წარმოვადგინოთ ჩვენი პარტნიორების წინაშე“.
შეხვედრის შემდეგ აშშ–ის ელჩმა ხაზი გაუსვა ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
„მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს თავდაცვის უწყებაში მომიწვია“, – განაგრძო მან, „როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და სიმბოლურად სურდა, სწორედ აშშ-ის ელჩი ყოფილიყო მისი პირველი სტუმარი. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“.
„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება საქართველოს სტრატეგიულ კურსში და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ისევე ძლიერია, როგორც ადრე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ჩვენთვის და მივესალმებით ამას“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
„შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება და მომავალშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა ნორლანდმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)