მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლებიც, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 7.93 მლრდ ლარიდან გაზრდილია 8.09 მლრდ ლარამდე, ხოლო ხარჯები 7.891 მლრდ ლარიდან 7.979 მლრდ ლარამდე იზრდება.
 
ორივე ეს მაჩვენებელი აღემატება 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს –  წელს შემოსავლების სახით 7.319 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.539 მლრდ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.6 მლრდ ლარს გეგმავს, რაც პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 140 მლნ ლარით არის გაზრდილი და  780 მლნ ლარით აღემატება 2014 წელს დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებს. საგადასახადო შემოსავლების გაზრდილი ოდენობის მიღებას მთავრობა, მათ შორის გეგმავს აქციზის გადასახადიდან, რადგან მომავალი წლიდან საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანით აპირებს გაზარდოს აქციზის ოდენობა თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ასევე უცხოეთიდან შემოსულ სატელეფონო ზარებზე.

გადამუშავებული პროექტის თანახმად, 2015 წელს გრანტების მოცულობა 215 მლნ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 144 მლნ ლარიდან, ხოლო „სხვა შემოსავლები“  275 მლნ ლარამდე იკლებს როგორც თავდაპირველ პროექტში მოცემულ 290 მლნ ლართან, ისე წლევანდელი 355 მლნ ლართან მიმართებაში.

მთავრობის მიერ კორექტირებულ პროექტში აისახა თანხები, რომელიც 2015 წლის 1 სექტემბრიდან პენსიების ზრდას მოხმარდება, თუმცა ეს ზრდა ყველა პენსიონერს არ შეეხება და მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც სოციალურად დაუცველ პენსიონერთა კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიის პენსიონერებს და ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება 25 ლარით გაეზრდებათ; ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წელს, როცა მორიგი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზრდება, თუმცა რა ოდენობით, ამას მთავრობა ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს.

მთლიანობაში მომავალი წლისთვის საპენსიო უზრუნველყოფისა (1.37 მლრდ ლარი) და სოციალური დახმარებებისთვის (630 მლნ ლარი) 2 მლრდ ლარზე ოდნავ მეტია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 25 მლნ ლარით არის გაზრდილი.

გადამუშავებულ პროექტში, პირველ ვერსიასთან შედარებით, 45 მლნ ლარით არის ასევე გაზრდილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 25 მლნ ლარით  – განათლების სამინისტროს; 15-15 მლნ ლარით  – თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროების; 10-10 მლნ ლარით  – კულტურისა და დევნილთა სამინისტროების; 4 მლნ ლარით  – გარემოს დაცვის სამინისტროს; 3.5 მლნ ლარით იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება. ერთდერთი სამინისტრო, რომელსაც თავდაპირველ პროექტთან შედარებით, 10 მლნ ლარით აქვს შემცირებული დაფინანსება, თუმცა 2014 წელს გამოყოფილზე მეტზე მიიღებს მომავლ წელს, არის ენერგეტიკის სამინისტრო.

ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, სამინისტროებს შორის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.775 მლრდ ლარი (პირველ პროექტში – 2.750 მლრდ ლარი; 2014 წელს – 2.658 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 640 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 625 მლნ ლარი; 2014 წელი – დაფინანსების თავდაპირველი გეგმა, რაც 660 მლნ ლარს შეადგენდა, შემცირდა 615.9 მლნ ლარამდე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა;  2013 წელი – თავიდან დაგეგმილი იყო 660 მლნ ლარი, თუმცა ფაქტობრივად დაიხარჯა 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6  მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 615 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 600 მლნ ლარი; 2014 წელი – 600 მლნ; 2013 წელი –  570 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1 მლრდ ლარი (პირველ პროექტში – 955 მლნ ლარი; 2014 წელი – 875 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 853.9 მლნ ლარი (პირველ პროექტში – 828.9 მლნ ლარი; 2014 წელი – 754.3 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 291 მლნ ლარი (2014 წელი – 263.5  მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 96 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 120  მლნ ლარი (2014 წელი – თავდაპირველად დაგეგმილი იყო  87 მლნ ლარი, თუმცა ეს გეგმა გაიზარდა 131 მლნ ლარამდე „დელტას“ დაფინანსების გამო);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 125 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 135 მლნ ლარი; 2014 წელი – 114.6 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 68.5 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 65 მლნ ლარი; 2014 წელი – 60.5  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი  (2014 წელი – 154 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 90 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  95 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 85 მლნ ლარი; 2014 წელი- 80 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  70 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 55 მლნ ლარი; 2014 წელი – 53.9 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 39 მლნ ლარი (პირველი პროექტი  – 35 მლნ ლარი 2014 წელი – 31  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (პირველი პროექტი  – 60 მლნ ლარი; 2014 წელი – 48 მლნ ლარი);
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.35 მლნ ლარი (2014 წელი – 1.35 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.1 მლნ ლარი (პირველი პროექტი -2.8 მლნ ლარი; 2014 წელი – 2.8  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  1.2 მლნ ლარი (პირველი პროექტი – 1 მლნ ლარი; 2014 წელი – 900 ათასი ლარი).

თავდაპირველ პროექტში დაგეგმილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდის 70 მლნ ლარამდე გაზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი, გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, კვალავ 50 მლნ ლარიან ნიშნულზე რჩება, 2014 წლის მსგავსად. თუმცა, თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 12.5 მლნ ლარით არის გაზრდილი და 32.5 მლნ ლარს შეადგენს მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება, რომლისთვისაც წელს 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრანსფერების საერთო რაოდენობა, პირვანდელ პროექტთან შედარებით, 4 მლნ ლარით გაიზარდა და მომავალ წელს 854 მლნ ლარს შეადგენს – ეს მონაცემი წელს 795.9 მლნ ლარია. ამ ჯამური ოდენობიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი მიიღებს დაახლოებით 412 მლნ ლარის ოდენობით.

თავდაპირველ პროექტთან შედარებით, 520 ათასი ლარით არის გაზრდილი ასევე სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება და ის 4 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.6 მლნ ლარით აღემატება წლევანდელ დაფინანსებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დაფინანსება მომავალ წელს გაორმაგდება და 1.2 მლნ ლარს შეადგენს.

მთავრობა მომავალი წლისთვის კვალავაც 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მშპ-ს 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი 2014 წელსაც  – წინასწარი მონაცემებით, პირველი ცხრა თვის განმავლობაში ეკონომიკის 5.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის პირველ განხილვას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში გეგმავს, თუმცა მისი ერთი მოსმენით მიღება კიდევ ერთი გადამუშავების შემდეგ უკვე დეკემბერში, წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.