2015 წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან 150-ლარიანი პენსია ყველა ასაკით პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება, ნაცვლად იმისა, რომ პენსიები მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პენსიონერებს გაეზარდოთ.
მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში ასახა პენსიების მოსალოდნელი ზრდა და განაცხადა, რომ დაგეგმილი 25-ლარიანი მატება მხოლოდ იმ პენსიონერებს შეეხებოდა, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ.
თუმცა ამ გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე კვირაში პირველ განხილვას გამართავს, ქართული ოცნების უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრაზე განიხილა 11 ნოემბერს.
ამდენად, ბიუჯეტის პროექტში ხელახლაა ის თანხები გასათვლელი, რაც პენსიის 10 ლარით ზრდას დასჭირდება.
საქართველოში ბოლოს ასაკით პენსიონერებს 2013 წლის 1 სექტემბერიდან გაეზარდათ მინიმალური პენსია და ამჟამად მისი ოდენობა 150 ლარს შეადგენს.
საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 65 წელია. ამჟამად, 694 ათასზე მეტი ასაკით პენსიონერია ოფიციალურად რეგისტრირებული; ორი წლის წინ ეს ოდენობა, დაახლოებით, 682 ათასს შეადგენდა.