საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს ასტანაში შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ასტანაში ორდღიანი ვიზიტი 12 ნოემბერს დაიწყო, ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.
„ყაზახეთს ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან“, – განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა მისი ადმინისტრაციის თანახმად, „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოსთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მისი ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ ნაზარბაევს „კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო ყაზახეთს მეგობარ სახელმწიფოდ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მიიჩნევს“.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა.
ღარიბაშვილმა 12 ნოემბერს ასევე შეხვედრა გამართა ყაზახ კოლეგასთან კარიმ მასიმოვთან.
ყაზახეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველოს და ყაზახეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ცხრა თვეში ორმხრივმა სავაჭრომ ბრუნვამ 66.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.3%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ გავაფართოვოთ ურთიერთობები ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში“, – განაცხადა მან.
ყაზახეთის პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთი „დაინტერესებულია“ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიზგის სწრაფ დასრულებაში. ეს სარკინიგზო ხაზი, განაცხადა მასიმოვმა, უზრუნველყოფს დამატებით მარშრუტს ყაზახეთისთვის, რათა კასპიის ზღვის და შემდეგ აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპულ ბაზრებზე გავიდეს. საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ექსპლოატაციაში 2015 წლის ბოლომდე შევა.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის უფრო ხარისხობრივ დონეზე აიყვანს“, – განაცხადა მასიმოვმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
კალაძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის „მეგობრული“, თუმცა ბევრად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ორმხრივ თანამშრომლობაში.
მისი თქმით, „უახლოეს მომავალში“ ყახაზეთის მფლობელობაში არსებული გაზგამანაწილებელი კომპანიის მართვა თბილისში ისევ „ყაზტრანსგაზს“ გადაეცემა; საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს „ყაზტრანსგაზ–თბილისში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.