პარლამენტმა უცხოელთა სავიზო საკითხებზე ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 12 ნოემბერს პირველი მოსმენით 77 ხმით  8-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს შესაძლებლობას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად გაიგრძელონ საიმიგრაციო ვიზა.

ამისათვის, მათ კანონპროექტის თანახმად, შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზის ვადის გასვლამდე 45 დღით ადრე მიმართონ და მომსახურების მისაღებად 100 ლარი გადაიხადონ.

ამჟამად, ვიზების აღება ან გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

ახალი სავიზო წესები 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში პარლამენტმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კანონი მიიღო.

გამკაცრებულმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებმა  გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქართველოში მყოფ უცხოელებს, რომელთაც მანამდე საქართველოში უვიზოდ ყოფნა 360 დღის განმავლობაში შეეძლოთ, ხოლო ახალი წესებით, ეს დრო 90 დღემდე შემცირდა. 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი უვიზო რეჟიმი საერთოდ გაუქმდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის 12 ნოემბრის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მიმართულია „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისკენ“ და ასევე განპირობებულია იმ რეალობით, რომ საქართველოში მყოფი, დაახლოებით, 2 000-მდე უცხოელი დადგა საქართველოდან გაძევების საფრთხის წინაშე 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად. 

მისი თქმით, კანონპროექტი იმ პირებს, რომლებიც საქართველოში 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდნენ და ამ ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის კვლავაც ქვეყანაში იქნებიან, 2015 წლის 1 მარტამდე უწესებს ვადას, რათა მათ შეძლონ გამარტივებული პირობებით ბინადრობის მოწმობის აღება ან ქვეყნიდან გაუსვლელად საიმიგრაციო ვიზის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღება.

ამ კატეგორიის უცხოელებისთვის კანონპროქტით დადგენილია 1 მარტამდე მათი საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა; ისინი საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისგან.

კიდევ ერთი სიახლე ეხება თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რაც, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შექმნის მათი საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივ საფუძველს და ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

კანონპროექტის კიდევ ერთი დებულების თანახმად, 5-დან 10 დღემდე იზრდება საქართველოში ტრანზიტული მიზნებით უვიზოდ ყოფნის ვადა.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო განხილვის დროს გააკრიტიკა ხელისუფლება სავიზო და საიმიგრაციო წესების „გადამეტებულად გამკაცრების“, გამო რაც მათი თქმით, არ მოუთხოვია  ევროკავშირს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ის, რომ საქართველო ამ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა, სხვა მიღებულ კანონებთან ერთად, ამ ახალი რეგულაციების დამსახურებაცაა, რაც მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა.

„ეს არის კანონი, რომელიც განპირობებული იყო ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებით, თუ ეს კანონი არ მოგწონთ, მაშინ ბრძანეთ, რომ თქვენ არც ევროკავშირის [ვიზების] ლიბერალიზაციის რეჟიმი მოგწონთ“, – მიმართა ალექსანდრე ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.