პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტისადმი მიმართვა – სრული ტექსტი
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვა პარლამენტში, 2014 წლის 14 ნოემბერი:
"მოგესალმებით,
მივესალმები საქართველოს პარლამენტს და პატივისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ, მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგანაც თქვენ ხართ ჩემი სამშობლოს მოქალაქეთა განხორციელებული დემოკრატიული ნება.
ამასთან, მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ , არამედ მთლიანად საქართველო უზენაეს საკანონმდებლო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე.
კონსტიტუციურად, პარლამენტის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ორგანოს ფუნქცია, გადამწყვეტია: თქვენ არა მხოლოდ განსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ აკონტროლებთ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას; პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად წარმოგიდგენთ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თქვენ აფასებთ მთავრობის საქმიანობას და აკეთებთ სათანადო დასკვნებს.
საქართველოს პარლამენტის კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმულია ევროკავშირის შეფასებითი მისიის ანგარიშშიც.
სწორედ ამიტომ, ერთი თვის წინ, როდესაც, ჩვენს წინაშე დადგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საშიშროება, მე მოგმართეთ სწორედ თქვენ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
და ახლაც, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში და კრიზისულმა მოვლენებმა მმართველ კოალიციაში გამოიწვია სამი მინისტრის გათავისუფლება და გადადგომა და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა, მე ბუნებრივად მოგმართავთ თქვენ – ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს:
იმ ფაქტმა, რომ სამივე, აწ უკვე ყოფილ, მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ –ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსურს მივაპყრო პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება შემდეგ გარემოებებს:
პირველ ყოვლისა, პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის "თავისუფალი დემოკრატების" შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულვებელყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა; ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი ვის ემსახურება ინსტიტუტები – საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძოებლობისა ან უწყებათა დეპოლიტიზაციის პრინციპები.
შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი; სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ. ერთი რამ ნათელია – ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება – ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ: სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა "დასავლურობაზე", მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისაგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი.
ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს, თუმცა დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ მას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ჩვენი ყველას პრინციპული ძალისხმევა სჭირდება.
იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო; სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა-განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია.
უნდა განვუმტკიცოთ მოქალაქეებს ის განცდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აღეძრათ – ეს მათი ქვეყანაა, ეს სახელმწიფო მათი სახელმწიფოა და სახელმწიფო ინსტიტუტები მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებობენ და მუშაობენ.
და თუ ეს ასეა, თუ ეს ჩვენი თვალთახედვაა, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების გააზრება-მომზადების პროცესში და სამოქალაქო ინსტიტუტების მონიტორინგს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ჩვენ, ხელისუფლება ყველა დონეზე, ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩაბმულობა ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაცაა და ჩვენ მისი განხორციელება უნდა უზრუნველვყოთ.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მივიღეთ არსებითი პაკეტი ნატოს სამიტზე. ამასობაში, ასოცირების ხელშეკრულება, ისევე როგორც ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები ძალიან კონკრეტულ დღის წესრიგს განსაზღვრავს ჩვენთვის და ქვეყნის მთავარი გამოწვევაც ამ ამოცანების განხორციელებაშია, რაშიც არა მხოლოდ ცალკეული უწყებები, არამედ ყველა აქტიურად უნდა ჩავერთოთ.
შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მეოთხე მუხლით განსაზღვრულ იმ ვალდებულებებზე, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს. ეს გახლავთ: დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, განვითარება და გაზრდა; ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა; სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების პროგრესი და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სასამართლოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა; საჯარო მმართველობის რეფორმა. ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნა; ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
ამ ვალდებულებათა განხორციელება არა მხოლოდ ჩვენი დასავლური ინტეგრაციის საწინდარია, არამედ ევროპული საქართველოს საფუძველი. მის განხორციელებაში, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე, გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში.
ამასთან, განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხებზე. იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის საკანონმდებლო დონეზე.
აქვე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ბოლო დროს ჩვენ ერთად გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებით და ასევე, თუნდაც, უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და კვალიფიციური მოსამართლეების განმწესებით, რისთვისაც მინდა მადლობა მოგახსენოთ.
ასოცირების ხელშეკრულებითვეა გათვალისწინებული საჯარო სამსახური რეფორმის საკითხი. ინსტიტუციონალიზაციის განმტკიცების გზაზე პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობას მყარი საფუძველი უნდა დაედოს; კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ქვაკუთხედი. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურიდან კადრების მასობრივ დათხოვნას. საჯარო სამსახურის სწორი კონცეფცია სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მისი განხორციელება მყარ საფუძველს შეუქმნის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციურ ფუნქციონირებას.
ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმის დაუყოვნებლივ ბოლომდე მიყვანა. თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემა. ამ გადაცემითაა შესაძლებელი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. საჭიროა თვითმმართველობის ორგანოებში და მათ საქმიანობაში თანამდებობის პირთა მხრიდან ჩაურევლობის უზრუნველყოფა, ვისაც ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია.
ამასთან, მნიშნელოვანია როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების , ისე ზოგადად, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულების გეგმაზომიერი განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების დღის წესრიგი უფრო ნათელი იყოს. ამასთან, დამეთანხმებით, სასურველია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელებისათვის ყოველწლიურად დაგეგმილი ქმედებების განსაზღვრა წინ უსწრებდეს იმ პროცესს, რომელსაც თქვენ ახლა ახორციელებთ, ანუ საბიუჯეტო პროცესს.
ფაქტიურად, ყველა ამ გამოწვევაზე განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას საქართველოს პარლამენტმა. სწორედ ესაა ჩემი თქვენდამი მიმართვის მთავარი მიზანი.
პარლამენტს ხელთ აქვს მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია ერთის მხრივ, გახდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი, ხოლო მეორეს,მხრივ მთავრობაზე ეფექტიანი კონტროლის სისტემის განხორციელებით მოახდინოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სტაბილურობის გარანტირება.
ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ჩვენ და მთელი საზოგადოება მყისიერად არ აღმოვჩნდებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენივე მთავრობის მინისტრი, რომლის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათა შორის შემდეგ არ მტკიცდება და ამას არაფერი არ მოყვება.
ხოლო მეორე მინისტრი. ნატოს მხრიდან სწორედაც რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვის აღიარებული, მის უწყებაში მაღალი თანამდებობის პირები ბრალდებული იყვნენ მყისიერად კორუფციაში, დანაშაულში.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა სწორედაც რომ ეფექტური კონტროლით, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უინიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას; ხოლო ამ დაცვის რეალური საშუალება ეფექტური საპარლამენტო კონტროლშია, როდესაც პარლამენტს და ე.ი. საზოგადოებას, გააჩნია მაქსიმალური ინფორმაცია.
იგივე კონტექსტში და განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტში ეფექტურად ფუნქციონირებდეს ნდობის ჯგუფი. სწორედ ნდობის ჯგუფის ბერკეტის ეფექტიანი ამუშავება უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალეობას, რაც ასე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფორმატში ასამოქმედებლად.
ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისათვის უნდა დავასრულოთ კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკა. ამის მაგალითებია თუნდაც ფარულ მიყურადების, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეთა განხილვის, მოწმეთა დაკითხვის წესის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გადაწევა.
ბუნებრივია, პარლამენტს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ან გადაავადოს ნორმატიული აქტების მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა იღებდეს პერმანენტულ ხასიათს. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლებების რეალიზაცია, არამედ ამ უფლების არსებობაც კი.
აქვე მინდა, გითხრათ მადლობა ვეტოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სხვათა შორის პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, უაღრესად საპასუხისმგებლო როლს ასრულებენ, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მისიებში. წარმატებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მათი როლი ძალიან მაღლა არის შეფასებული. მათი კონტრიბუცია აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ და მათ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველო მზადაა მომავალშიც ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2015 წლიდან ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილება განისაზღვრება 750 ჯარისკაცით.
როგორც აღვნიშნეთ, ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ღონისძიებათა არსებითი პაკეტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. უეჭველია, რომ ყველა ვეთანხმებით, რომ უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დასაჩქარებელია და ეს პროცესი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ.
არაღიარების პოლიტიკის მდგრადობასთან ერთად, მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების აქტიური და ერთმნიშვნელოვანი მიუღებლობა, ჩვენი კანონიერი უფლებების მხარდაჭერა, ჩვენს უშიშროებაზე რეალური და ქმედითი ზრუნვა.
კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გაითვალისწინეთ ჩემი ხედვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების თაობაზე. ამიერიდან პარლამენტი უშუალოდაა ჩართული ამ კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში; საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობებს როგორც მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან.
უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მისაღებად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად რეგულარულად მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა, რადგანაც პაკეტის წარმატებით განხორციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თავსებადობას ნატოსთან და დააჩქარებს ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს.
ერთი თვის წინ, ჩემი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ განცხადებაზე დაყრდნობით მოვიწვიე უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ გამოწვევის საპასუხო სტრატეგიაზე.
პარალელურად, მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე ,ერთის მხრივ, არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორეს მხრივ, ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით.
უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და ავსტრიაში, შეხვედრები გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული თემას – ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ასევე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში.
დღეს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტენსიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში.
საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის “პრივილეგირებული ინტერესების სფეროების” კონცეპტუალური პარადიგმის ცვლილება.
მე მინდა აღვნიშნო, რომ მიმაჩნია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები ყველა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება.
ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს. რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის.
ამიტომ, დღეს მე მოვედი თქვენთან, რათა ქვეყნის ევროპეიზაციის ამ გადამწყვეტ დროს ვიყოთ ერთიანი და შესაბამისი რეფორმების დროული განხორციელების მეშვეობით დავაჩქაროთ ხალხის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული ამოცანის – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესრულება.
მადლობა ყურადღებისთვის".