პრემიერ-მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დანიშნა
დავით ბაქრაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. ფოტო: საქართველოს საელჩო საბერძნეთში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძე დაინიშნა, რომელიც დღემდე საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
38 წლის კარიერულმა დიპლომატმა ამ პოსტზე ალექსი პეტრიაშვილის შეცვალა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად თანამდებობა გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ დატოვა.
ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნას, რითაც ბოლომდე შეივსო მთავრობაში გაჩენილი ვაკანსიები თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძის და საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა ხელი, იტყობინება მისი ადმინისტრაცია 15 ნოემბერს.
2012 წლის მარტამდე, ვიდრე საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებდა, დავით ბაქრაძე ფინეთში საქართველოს საელჩოში მუშაობდა; 2006-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველ ევროპულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა; მანამდე კი შვეიცარიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა. 2002 წლამდე ვიდრე დიპლომატურ კარიერას დაიწყებდა, ბაქრაძე 1997 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, ხოლო 1996 წელს პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)