პარლამენტმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 72 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში, რომელიც მიზნად ისახავს იმ პრობლემების გამოსწორებას, რომლებიც საქართველოში მყოფ უცხოელებს 1 სექტემბრიდან  ამოქმედებული ახალი სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების შედეგად შეექმნათ.

ახალი წესების თანახმად, საქართველომ 104 ქვეყანასთან და ტერიტორიასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი, თუმცა არსებული 360 დღიდან 90 დღემდე შეამცირა საქართველოში უვიზოდ ყოფნის პერიოდი. 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საერთოდ გაუქმდა უვიზო რეჟიმი. ასევე განისაზღვრა, რომ გრძელვადიანი ვიზების აღებას, რაც საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღების წინაპირობას წარმოადგენს, უცხოელები შეძლებდნენ მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გამოითქვა პრეტენზიები გაუმართავი პროცედურებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გამო.

ოფიციალური ცნობით, 2 000-მდე უცხოელს შეექმნა სავიზო და ბინადრობის პრობლემები ამ რეგულაციების შედეგად და ისინი ქვეყნიდან გაძევების საფრთხის წინაშე დადგნენ.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს შესაძლებლობას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად გაიგრძელონ საიმიგრაციო ვიზა. ამისთვის მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზის ვადის გასვლამდე 45 დღით ადრე მიმართონ და მომსახურების მისაღებად 100 ლარი გადაიხადონ.

ამასთან, კანონპროექტი დროებით ნორმას აწესებს და იმ პირებს, რომლებიც საქართველოში 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდნენ და ამ ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის კვლავაც ქვეყანაში იქნებიან, აძლევს შესაძლებლობას, რომ 2015 წლის 1 მარტამდე  წარადგინონ განაცხადი საგარეო საქმეთა სამინისტროში საიმიგრაციო ვიზების ასაღებად, ხოლო სერვისების მომსახურების სააგენტოს მიმართონ, რათა გამარტივებული პირობებით მიიღონ ბინადრობის მოწმობა.

ამავე კატეგორიის უცხოელებისთვის კანონპროქტით დადგენილია 1 მარტამდე მათი საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა; ისინი საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ასევე გათავისუფლდებიან ჯარიმებისგან.

კიდევ ერთი სიახლე ეხება თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც  საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვის აღებას შეძლებენ.