პარლამენტისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა გამოწვევებზე ისაუბრა

  • ქართულ ოცნებაში კრიზისი „უფრო ფართო პრობლემის სიმპტომია“;
  • ‘ინსტიტუტების უპატივცემულობა’  სირთულეებს იწვევს;
  • მან „ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაზე“ ისაუბრა;
  • ‘უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან’;
  • ‘წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უინიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას’;
  • მან პარლამენტს მთავრობის მეტი კონტროლისკენ მოუწოდა;
  • პარლამენტს ასევე მოუწოდა გახდეს ‘ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი’;
  • ‘გაბედული ნაბიჯებია’ საჭირო, რათა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზირებაზე;
  • ქართულმა ოცნებამ უნდა შეასრულოს შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფის თაობაზე დაპირება. 



პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიემართება, რათა მიმართოს დეპუტატებს 14 ნოემბერს. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 14 ნოემბერს პარლამენტისადმი თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში ბოლოდროინდელი კრიზისი არის  „უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი“, რომელიც სცდება პოლიტიკური ბრძოლის თემას და აჩვენებს „ინსტიტუციური მართვის ნაკლებობას“.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე, მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულვებელყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა;  ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი ვის ემსახურება ინსტიტუტები – საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, რასაც ასევე მოყვა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომები, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თხოვა პარლამენტს გასულ კვირას, რომ დღის წესრიგში გაეთვალისწინებინა მისი „საგანგებო მიმართვა“  პარლამენტისადმი და საზოგადოებისადმი. ალასანიას მთავრობიდან დათხოვნამ ასევე გამოიწვია მისი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა ქართული ოცნების მმართველი კოალიციიდან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია იმ რეაქციის შემდეგ გაათავისუფლა, რაც მას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავებებსა და უწყების წინააღმდეგ წამოწყებულ კიდევ ერთ საქმეზე ჰქონდა.  ალასანიამ ამ საქმეებს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო „შეტევა საქართველოს ევრო–ატლანტიკურ არჩევანზე“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განუცხადა პარლამენტს, რომ იმ სამი მინისტრის წასვლამ მთავრობიდან, რომლებსაც „საკვანძო მიმართულებები ებარათ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ –ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება“.

„შესაბამისად,  ვფიქრობ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„პირველ ყოვლისა,  პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის "თავისუფალი დემოკრატების" შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან“, – განაცხადა მან.

„ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში“.

„ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი, უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი; სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ერთი რამ ნათელია – ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება – ვერ მოვახერხებთ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის. გავიხსენოთ: სააკაშვილი ხმამაღლა საუბრობდა "დასავლურობაზე", მაგრამ მოინდომა რა დასავლეთისაგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების „დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს“.

თავის გამოსვლაში მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ ჩარჩოში მოქცევას. მან ასევე აღნიშნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა.

„ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, რომელიც ირაკლი ალასანიას 13 ნოემბერს შეხვდა, უთხრა ასევე დეპუტატებს, რომ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურობას, ასევე დაიცავს პოლიტიკოსებს, რომ უსამართლოდ არ მოხდეს მათი „დისკრედიტაცია“. ამ კონტექსტში მან ასევე გაიხსენა ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის საქმე.

ოქტომბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაკავებამ პარალელები წარმოშვა იმ საქმესთან, რომელიც  2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ასევე გაფლანგვის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება; მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ჩვენ და მთელი საზოგადოება მყისიერად არ აღმოვჩნდებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენივე მთავრობის მინისტრი, რომლის მიერ განხორციელებულმა  რეფორმებმა ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათა შორის შემდეგ არ მტკიცდება და ამას არაფერი არ მოყვება. ხოლო მეორე მინისტრი, ნატოს მხრიდან სწორედაც რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვის აღიარებული, მის უწყებაში მაღალი თანამდებობის პირები ბრალდებული იყვნენ მყისიერად კორუფციაში,  დანაშაულში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა სწორედაც რომ ეფექტური კონტროლით, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უინიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას; ხოლო ამ დაცვის რეალური საშუალება ეფექტური საპარლამენტო კონტროლშია, როდესაც პარლამენტს და ე.ი. საზოგადოებას, გააჩნია მაქსიმალური ინფორმაცია“, – განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ საკითხებზე, რომლებიც მისი თქმით, პარლამენტმა უნდა მოაგვაროს და სხვა საკითხებთან ერთად მან დაასახელა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საჭიროება. ეს სტრუქტურა უშიშრობის სამსახურებსაც აერთიანებს.

„წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან  სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე, გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ  ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო დანაპირები ჯერ კიდევ შესასრულებელია.

მან ასევე ისაუბრა პროკურატურის რეფორმირების საჭიროებაზე იმისთვის, რათა „ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით“. პრეზიდენტის თქმით, „განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“.

„ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის საკანონმდებლო დონეზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი ინსტიტუტების შექმნა ასევე მოითხოვს სტაბილურ და პროფესიონალურ საჯარო სამსახურს. „ხელისუფლების თუ ხელმძღვანელების შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურიდან კადრების მასობრივ დათხოვნას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ფაქტიურად, ყველა ამ გამოწვევაზე განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას საქართველოს პარლამენტმა. სწორედ ესაა ჩემი თქვენდამი მიმართვის მთავარი მიზანი. პარლამენტს ხელთ აქვს მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია ერთის მხრივ, გახდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი, ხოლო მეორეს,მხრივ მთავრობაზე ეფექტიანი კონტროლის სისტემის განხორციელებით მოახდინოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სტაბილურობის გარანტირება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან განაცხადა, რომ პარლამენტში მისვლით მას სურდა ეჩვენებინა ერთობა „ქვეყნის ევროპეიზაციის ამ გადამწყვეტ დროს“ და მოუწოდა იმ რეფორმების დაჩქარებისკენ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვისაა საჭირო. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ნატოს და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი პაკეტის განხორციელების დაჩქარება.

თავის გამოსვლაში მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ანექსიის საფრთხეზე“.

„ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს“, – განაცხადა მან, „რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია“.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი არა მარგველაშვილის გამოსვლის მიმართ პროტესტის ნიშნად, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების გამო, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ დებატები არ გამართულიყო. დებატები ჩვეულებრივ პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების შემდეგ იმართება ხოლმე, მაგრამ ვიანიდან ეს არ იყო ყოველწლიური მიმართვა, რომელიც თებერვალში იმართება ხოლმე, ქართული ოცნების დეპუტატებმა არ დააკმაყოფილეს ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზება დებატების გამართვის თაობაზე. ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, რათა რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების „ანექსიის მცდელობა“ და ასევე ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტოს, რომ შეეწინააღმდეგოს ამ მცდელობებს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ პარლამენტის, მთავრობის და პრეზიდენტის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას, რაც ერთდროულად უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა პარალელურ რეჟიმში გადასაწყვეტი: ერთი, ინსტიტუციური სისტემის გამართვა და იმ მახინჯი გადმონაშთების, რაც დაგვხვდა მემკვიდრეობით, მისგან თავის დაღწევა და ევროპული სტილის და ყაიდის ინსტიტუტების და სახელმწიფო მართვის სისტემის აწყობა და ამასობაში, აი, ამ ცვლილებების პროცესში მყოფი სისტემების მეშვეობით ქვეყნის მართვა. თუ რომელიმე მიმართულებით ჩვენ დავაკელით ყურადღება, აუცილებლად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)