სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა ბესლან ბუთბამ ტვინის შერყევა მიიღო მას შემდეგ, რაც შაბათს საღამოს სოხუმში მას თავს დაესხნენ და სცემეს, იტყობინებიან რუსული სააგენტოები აფხაზეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.  

ბუთბას, რომელიც პრემიერ–მინისტრად სექტემბრის ბოლოს დაინიშნა, მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის სოხუმში საკუთარი მანქანით მიდიოდა, რომელშიც ასევე ისხდნენ მისი მეუღლე და შვილები, როგორც ამის თაობაზე სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა იტყობინება, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები პრემიერ–მინისტრის მანქანას თავიანთი მანქანით გადაუდგნენ წინ და თავს დაესხნენ. ბუთბას  პირველადი დახმარება საავადმყოფოში აღმოუჩინეს და იმავე დღეს გაწერეს. სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრს თავდასხმის დროს დაცვა არ ახლდა.  

ბუთბას თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს; სეპარატისტული რეგიონის შსს–ს ინფორმაციით, ისინი ნასვამები აღმოჩნდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სეპარატისტული რეგიონის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან. ინფორმაცია თავდასხმის მიზეზების შესახებ არ ვრცელდება.

რაულ ხაჯიმბამ, რომელიც სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას სექტემბრის ბოლოს შეუდგა, კვირას უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ ეს ინციდენტი „სიმპტომატურია“, რადგანაც წლების განმავლობაში ხელისუფლება არ რეაგირებს იმ ადამიანებზე, რომლებიც „დემონსტრაციულად“ უგულებელყოფენ კანონებს, იტყობინება „აფსნიპრესი“.
 
„სამართალდამცავი ორგანოები – ეს დეკორაცია არ არის. მათ უნდა აჩვენონ საკუთარი ძალა“, – განაცხადა ხაჯიმბამ და ასევე მიმართა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობას: „მოვითხოვ თქვენგან, რომ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ყველა ძალა და საშუალება წესრიგის დასამყარებლად. ვერ მოვითმენ, რომ დამნაშავეები ცხოვრების თავიანთ სტილს ახვევდნენ თავს საზოგადოებას“.