ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას 17 ნოემბერს ბრიუსელში, სადაც ის ასევე შეხვდება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ეს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა იქნება – ამ ფორმატმა თანამშრომლობის საბჭო შეცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შეხვედრას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი წარუძღვება.

პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განხილული იქნება ასოცირების დღის წესრიგით დასახული რეფორმების განხორციელების საკითხი.

ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა გასულ კვირას, რომ ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის განხილვის თემა იქნება ასევე საქართველოში სავარაუდო შერჩევითი სამართლის თაობაზე გამოთქმული წუხილებიც.

„ევროკავშირი მუდმივად აგზავნის გზავნილს, რომ ის არ მიიღებს შერჩევით სამართალს და ჩვენ ძალიან მკაფიო და ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა რუდი ფილონმა, რომელიც ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის განყოფილების პოლიტიკური ოფიცერია.

მან ეს განცხადება საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვის დროს გააკეთა შეხვედრაზე, რომელიც 13 ნოემბერს ვილფრედ მარტენსის სახელობის ევროპული სწავლების ცენტრში გაიმართა, რომელიც  ევროპის სახალხო პარტიის კუთვნილი ორგანიზაციაა.  შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გიგა ბოკერიამ და დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა. კითხვაზე, კონკრეტულად რას გააკეთებს ევროკავშირი, თუ „შერჩევითი სამართლის ეს შემთხვევები“ გაგრძელდება საქართველოში, ფილონმა უპასუხა: „როდესაც მკაფიო და ცალსახა მტკიცებულებები გვექნება იმისა, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორი მიმართულებით მიდის, ჩვეულ რეჟიმში აღარ გავაგრძელებთ ურთიერთობებს“. 

ბრიუსელში ვიზიტის დროს პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.

17 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების კენჭისყრაზე გატანის საკითხს განიხილავს. 

პრემიერ–მინისტრი ასევე გეგმავს შეხვედრებს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან  იოჰანეს ჰანთან და  ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან.

იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის პოსტი ოქტომბერში დაიკავა, 17 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან:  საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი; თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე და ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

დელეგაციის სხვა წევრები არიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.