საგარეო საქმეთა მინისტრის სამი ახალი მოადგილე დაინიშნა

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის სამი ახალი მოადგილე დაინიშნა, რამაც მინისტრის მოადგილეთა მანამდე არსებული რაოდენობა ხუთამდე გაზარდა.

მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა გახდა, რომელიც 2012 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის კაბინეტის უფროსი იყო; დონდუას, რომელსაც საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს, 2000-2005 წლებში ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.

17 ნოემბერს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ასევე გიგი გიგიაძე, კარიერული დიპლომატი, რომელიც 2012 წლიდან გერმანიაში საქართველოს საელჩოში დესპანად მუშაობდა; მანამდე იყო სამინისტროს ევროპულ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, ასევე მუშაობდა უწყებაში სხვადასხვა თანამდებობებზე 2000 წლიდან, მათ შორის მრჩევლად საბერძნეთში საქართველოს საელჩოში. 

მინისტრის ერთადერთი ქალი მოადგილეა ხათუნა თორთლაძე, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყებაში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს; მას ბოლოს  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა სამინისტროში.

დანარჩენი ორი მოადგილის თანამდებობები დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ შეინარჩუნეს. ორივე მათგანმა, ისევე როგორც მაშინ მათმა კოლეგამ თამარ ბერუჩაშვილმა, ვიდრე მინისტრად დაინიშნებოდა, განაცხადეს, რომ ყოფილ მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ერთად ტოვებდნენ თანამდებობებს, თუმცა მალევე შეცვალეს პოზიცია და დარჩნენ სამინისტროში.

მაია ფანჯიკიძესთან ერთად თანამდებობა მხოლოდ მისმა პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დატოვა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელ მოადგილეს დაეკისრება ეს მისია.