ღარიბაშვილმა და ნატოს გენმდივანმა ‘არსებითი პაკეტის’ შესახებ იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში 17 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მასთან თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ განხორციელების საკითხი განიხილა, რომელიც ნატომ საქართველოს სექტემბერში უელსის სამიტზე შესთავაზა.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გეგმაშია პაკეტის სხვადასხვა ელემენტების განხორციელების დაწყება 2015 წლის თებერვალში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ იმ დროისთვის სხვა დეტალებიც გახდება ცნობილი.
პაკეტის ამ ელემენტებს შორისაა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარება ტრენინგებისა და საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების მეშვეობით.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ ამ ინიციატივების რეალობად ქცევის საკითხი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა 17 ნოემბერს.
„ჩვენთვის ასევე სასიხარულოა, რომ საქართველო უმასპინძლებს ნატო–საქართველოს საწვრთნელ ცენტრს. ეს ცენტრი დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოსთან თანამშრომლობის უნარების გაძლიერებაში და მოამზადებს საქართველოსა და სხვა პარტნიორებს, რათა მათ წვლილი შეიტანონ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როდესაც მას ნატო–საქართველოს საწვრთნელ ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის წუხილებზე ჰკითხეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბოთ საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება, რადგანაც საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ძლიერ და ერთგულ პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად მუშაობს“.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ იმ პაკეტის განხორციელება, რომელზეც უელსში შევთანხმდით“, – განაცხადა მან.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „მზად არის დროულად და ეფექტურად განახორციელოს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი“.
პრესკონფერენციაზე ქართველმა ჟურნალისტებმა ორჯერ ჰკითხეს ნატოს გენერალურ მდივანს, ჰქონდა თუ არა მას რაიმე „წუხილები“ ან „ეჭვები“ ნატოში ინტეგრაციის მიმართ საქართველოს ერთგულების თაობაზე. ეს კითხვა საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებების დროს გაჩნდა, როცა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან იქნა გადაყენებული, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თანამდებობები დატოვეს.
„პრემიერ–მინისტრმა ძალიან ძლიერად, ძალიან მკაფიოდ“ დააფიქსირა საქართველოს ერთგულება ნატოში ინტეგრაციის მიმართ, უპასუხა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მას „არანაირი მიზეზი“ არ აქვს, რომ ამაში ეჭვი შეიტანოს.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრემიერ–მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა ჩვენი მოლაპარაკებების დროს, რომ საქართველო აგრძელებს გზას მეტი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მე მივესალმები ამ ერთგულებას; ეს არის ძლიერი ერთგულება და ეს არის მნიშვნელოვანი ერთგულება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მანამდე 17 ნოემბერს საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი ალასანია შეცვალა, ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ამ უკანასკნელმა შეხვედრის შემდეგ თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს „მკაფიო აზრი აქვს ჩამოყალიბებული მისი სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ“, კონცენტრირებულია არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რათა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას დაეხმაროს და „ესმის მისი თანამდებობის როგორც სტრატეგია, ისე დეტალები“. „საერთო ჯამში, ჩემი თვალსაზრისით, საიმედო დასაწყისია“, – წერს აპატურაი.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა გაიმეორა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, რომ ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და რომ ხელისუფლება ძალღონეს არ დაიშურებს ამ მიზნის მისაღწევად.
ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს „შთამბეჭდავ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში“ და განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ერთ–ერთი „ყველაზე ერთგული პარტნიორია“, რომელიც „მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოპერაციებში“.
„და ამისთვის გაქებთ თქვენ“, – განაცხადა მან საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მხარს დაგიჭერთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განხორციელების გზაზე. ეს მოიცავს კანონის უზენაესობის, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ საქართველო „კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს ბოლო წლებში“.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან „ღრმა შეშფოთებით“ აღნიშნა რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს „ოკუპირებულ ტერიტორიასთან“ – აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე. თბილისმა დაგმო ეს გადაწყვეტილება, როგორც სეპარატისტული რეგიონის „ანექსიის მცდელობა“.
ღარიბაშვილმა სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ „რუსულმა მხარემ იმავე სულისკვეთებით არ უპასუხა ჩვენ კონსტრუქციულ პოლიტიკას და ისინი დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ – აფხაზეთის და შესაძლოა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას“.
„კვლავაც დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ალიანსის საგანგებო საკითხთა შორის დარჩება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა უკრაინაში განვითარებული მოვლენები და განაცხადა: „ის, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, ჩვენი 2008 წლის ომის გაგრძელებაა“ – ის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობდა.
„მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)