ღარიბაშვილი ბრიუსელში ‘ძალიან წარმატებულ’ ვიზიტს მიესალმება

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ბრიუსელში, რომლის დროსაც მან ნატოს და ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები, „ძალიან წარმატებული“ იყო.

18 ნოემბერს თავისი ორდღიანი ვიზიტის დასრულებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა  ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებში „ახალი ეტაპი“ იწყება. 17 ნოემბერს გამართული შეხვედრის მთავარი თემა თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ განხორციელება იყო, რომელიც ნატომ საქართველოს სექტემბრის უელსის სამიტზე შესთავაზა.

„[ნატოს] შეხედულებები არის ძალიან პოზიტიური და ოპტიმიზმით აღსავსე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „თებერვლისთვის გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი იმის თაობაზე, თუ როგორც უნდა მოხდეს ამ პაკეტის განხორციელება“.   

ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრის კომენტირებისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „ძალიან ნაყოფიერი“ და „ძალიან პოზიტიური“ შეხვედრა.

„მთავარი არის, რომ ჩვენთან სახლში იყოს ერთსულოვნება, სტაბილურობა; ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. აუცილებელია, რომ ოპოზიცია იყოს მეტად კონსტრუქციული – ეს იყო ერთ–ერთი განხილვის საკითხი [ევროკავშირთან], ვინაიდან მათი [ევროკავშირის] სურვილიც არის, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული გახდეს და ითანამშრომლოს მთავრობასთან; მე ამის იმედი მაქვს და ჩვენ ამისთვის მოტივირებულები ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „არავითარი კითხვა მათ არ აქვთ“ შერჩევით სამართალთან დაკავშირებით საქართველოში.

„მე მათ კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, ჩვენ ვართ გახსნილი მთავრობა, პროკურატურა მუშაობს თავისით, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ აქვს; სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი; მოსამართლეები არიან თავისუფალნი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოში „პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების საჭიროებას“.

„პოლიტიკური ანგარიშსწორება, დაპირისპირება და პოლარიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს სივრცე ოპოზიციისთვის და პარტიებს შორის დიალოგისთვის“, – განაცხადა მოგერინიმ, „მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა იქნას აცილებული“.

ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა თავი აარიდა ვადების დასახელებას, თუ როდის დაასრულებს საქართველო ამ პროცესს და განაცხადა, რომ არ უნდა ამ საკითხზე გადაჭარბებული მოლოდინები გაჩნდეს.

17 ნოემბერს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რიგის სამიტამდე ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის „ყველა ამოცანა“ დააკმაყოფილოს – ლატვიის დედაქალაქი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს მომავალ წელს უმასპინძლებს, რადგანაც ლატვია 2015 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება როტაციის პრინციპით.

ევროკავშირმა განაცხადა ოქტომბრის ბოლოს, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც მეორე ფაზის დაწყებას განაპირობებს. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა.  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები 24 ნოემბერს შემფასებელი მისიით ეწვევიან საქართველოს, რათა მეორე ფაზის ამოცანების განხორციელება მიმოიხილონ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)