გუანტანამოს სამი ტუსაღი საქართველოში გადმოიყვანეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამი ტუსაღი გუანტანამოს ციხიდან საქართველოში გადმოიყვანა, განაცხადა აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხუთშაბათს.
სამივე მათგანი იემენიდან არის. პირველად საქართველომ გუანტანამოს სამი ტუსაღი 2010 წელს მიიღო.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლების მადლიერია მისი სურვილის გამო, რომ მხარი დაუჭიროს აშშ–ის ძალისხმევას, დახუროს გუანტანამოს ყურეში არსებული საპყრობილე“, – განაცხადა აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა.
იქვე აღნიშნულია, რომ სამი პირის გადაცემა კოორდინირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ”შესაბამისი უსაფრთხოების ზომები და ჰუმანური მოპყრობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი”.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის", აშშ-ის თხოვნის საფუძველზე 2014 წლის 21 ნოემბერს "დაბალი რისკის მქონე სამი ყოფილი პატიმრის" გადმოყვანა განხორციელდა.
"2010 წელს საქართველოში გუანტანამოს ციხიდან ასევე სამი ყოფილი პატიმარი იყო გადმოყვანილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ მშვიდობიანად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. მათ მსგავსად, აღნიშნული სამი პატიმარი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის გავლის შემდეგ ასევე დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში", – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტმა ასევე გააკეთა განცხადება გუანტანამოს ორი ტუსაღის სლოვაკეთში გადაყვანის თაობაზე.