თბილისი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას სოხუმთან ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს და განაცხადა, რომ ეს არის "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი".

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. 

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს თქმით, ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს და საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ლონდონსა და პრაღაში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავის შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს და ასევე დაგეგმილია ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე ამ საკითხის წამოწევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)