ნატო არ აღიარებს მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ალიანსი „არ აღიარებს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი.

„ეს ე.წ. ხელშეკრულება არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას. პირიქით, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ნატოს სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)