ღარიბაშვილი: ‘კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს’
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ „კიდევ უფრო ძლიერი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის წარმატების და ძლიერების საწინდარია.
შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორ წელიწადში გატარებული რეფორმები „ძალიან შთამბეჭდავია“, რადგან მოქალაქეების მიმართ მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და „დღეს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა იმისა, რომ პოლიციელი მას ებრძვის, არამედ აქვს პოლიციელის იმედი“.
„მთავრობა და პირადად მე, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის დავიცავ თქვენს ინტერესებს, ვინაიდან თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – მიმართა ღარიბაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ვიწრო ჯგუფს არ ესმის მნიშვნელობა იმისა, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემთვის პირადად კიდევ უფრო ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და ჩემი დევიზია ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების“, – განაცხადა მან.
„მინდა მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ესმით, სამწუხაროდ, შეგნებულად თუ შეუგნებლად თქვენი ძალიან მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი“, – განაგრძო მან, „მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურს თქვენი ძლიერება, რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს. მათგან განსხვავებით, ჩვენ, მეც თქვენთან ერთად, შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენი 24-საათიანი მუშაობით და დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს მშენებლობა“.
„ეს გზა გაიარა ყველა წარმატებულმა, ძლიერმა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად. მე მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან მე ძალიან კარგად ვიცი თქვენი ძალიან მძიმე სამუშაო და მე ამას ძალიან ვაფასებ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ თანამშრომელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)