უსუფაშვილის თქმით, მოსმენების შესახებ რეგულაციების გაუმჯობესება უნდა გაგრძელდეს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მოსმენების მთავრობისთვის მისაღები საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლა, რომელიც შსს-ს საკომუნიკაციო კომპანიების სერვერებთან პირდაპირი მიერთების ბერკეტს უტოვებს, „არ ნიშნავს, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ ასე მოგვარდა და ასე იქნება მთელი ცხოვრება“.

მისი თქმით, არსებობდა უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობა, თუმცა ახლა ძალისხმევა გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული, მათ შორის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გზით, რომელიც პოლიციის გარდა ასევე მოიცავს უშიშროების და დაზვერვის სტრუქტურებს.

პარლამენტმა 30 ნოემბერს დაძლია პრეზიდენტის ვეტო მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტზე.

„ბევრი რამ, რაც ამ ახალ კანონში წერია, არის წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა უსუფაშვილმა იმ მიღებულ რეგულაციებზე მინიშნებით, რომლის წინააღმდეგიც ის იყო, „სამწუხაროდ, მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მეტი შეიძლებოდა და ამის რეალური შესაძლებლობაც იყო.  მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და ის, რაც მოპოვებულია, განვამტკიცოთ და გავაგრძელოთ მუშაობა, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“.

დეპუტატებმა უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ქართული ოცნების მმართველი კოალიციის წევრია, ცალკე კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც შსს–სთვის საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი  წვდომის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა, რომელსაც ასევე დაუჭირეს მხარი ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა, საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენმა წევრებმა ჩააგდეს.

„ის ფაქტი, რომ მე სხვა პროექტს ვუჭერდი მხარს დ სხვა გახდა კანონი, უნდა შევეგუოთ ამას, მარცხთან შეგუებასაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი უნარები სჭირდება არა იმიტომ, რომ მორჩა და დამთავრდა, არამედ იმას, როგორ გავაგრძელოთ გაუმჯობესებისთვის შრომა და ერთად ბრძოლა. ამ პროცესში ძალიან ბევრი სხვა საინტერესო თემა წამოვიდა წინა პლანზე. ამიტომ, ნუ შევხედავთ ასე ცალმხრივად, რომ თუ შსს–დან არ გავიდა რაღაც სტრუქტურა, ამითი გარანტირებულად ცუდი რამეები მოხდება; მე მგონი, ჩვენ – მთავრობა და პარლამენტი – შევძლებთ, რომ უშუალოდ  შსს–ში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უწყებაა და ამიტომ სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება იმ ტიპის საჭირო რეფორმების გატარებას, რომელიც ერთი მხრივ, იქნება ევროპული გზის გაგრძელება, ევროპული ასოცირებისკენ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯები და მეორე მხრივ, შეამცირებს იმ უნდობლობის ხარისხს, რომელზეც დღეს გვაქვს საუბარი. ასე რომ, პროცესი გრძელდება. არაფერი არ დამთავრებულა, არაფერი არ გადაჩეხილა უფსკრულში, არაფერი არ იქნება იმაზე უარესად, ვიდრე იყო 2 წლის წინ, 3 წლის წინ, ყველაფერი იქნება იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო უწინ, ჯერ ვერ იქნება უმაღლეს დონეზე, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ, გავაგრძელოთ შრომა“, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ფაქტმა, რომ შეუძლებელი გახდა საუკეთესო შედეგის მიღწევა, არ უნდა გადაჩრდილოს ის პროგრესი, რომელიც ამ კუთხით იქნა მიღწეული 2014 წლის აგვისტოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების გაუმჯობესებული რეგულაციები დაკანონდა, მათ შორის მოსმენების განსახორციელებლად სასამართლოსგან ნებართვის მისაღებად სამართალდამცავ ორგანოებს დასაბუთების მაღალი სტანდარტები დაუდგინდათ და პროცესზე მონიტორინგის კუთხით გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები.

თუმცა გასულ კვირას მიღებული ახალი რეგულაციების ოპონენტები აცხადებენ, რომ მისი ზოგიერთი დებულება, კერძოდ კი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ საკომუნიკაციო ოპერატორების მონაცემების შეგროვება და მათზე წვდომა, აუარესებს 1 აგვისტოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების დებულებებს.

ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ისეთ უფლებამოსილებას ანიჭებს, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვს მის საზედამხედველო ფუნქციასთან.  სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირ წვდომასთან დაკავშირებული წუხილების გასაქარწყლებლად, საკანონმდებლო პაკეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აძლევს უფლებას, რომ ელექტრონული თანხმობა მისცეს შსს-ს, რათა სასამართლოს მიერ სანქცირებული კანონიერი მოსმენები განახორციელოს. თუმცა, როგორც ოპონენტები აცხადებენ, სანამ შსს–ს პირდაპირი მიერთება ექნება მობილური ოპერატორების სერვერებზე განთავსებულ ე.წ. „შავ ყუთებზე“, ის მარტივად შეძლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მოსმენების დაწყებას ისე, რომ ამის თაობაზე ვერავინ გაიგებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახლა „ემოციები“ გვერდზე უნდა გადაიდოს. „მოვიპოვეთ, ეს გავამაგროთ და გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა“, – განაცხადა მან.

უკონტროლო ფარული მიყურადების წინააღმდეგ წამოწყებული სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ ახალი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს განიხილავს.