რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ‘უკიდურესად მნიშვნელოვანია’

მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება არანაირ საფრთხეს არ უქმნის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, რომელიც საქართველოს, რუსეთის, აშშ–ის და ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება, მომდევნო კვირას გაიმართება.

„არ დავმალავ, რომ გვაწუხებს თბილისის მცდელობები, რომ ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი რუსეთ–აფხაზეთის ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ წარმოაჩინოს, როგორც რაღაც საფრთხე ჟენევის დისკუსიების მიმართ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 2 დეკემბერს პრესკონფერენციაზე. 

„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ასეთ შიშებს საფუძველი არ აქვს. შემიძლია კიდევ ერთხელ განვაცხადო მთელი პასუხისმგებლობით, რომ ჟენევის პროცესს, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი ყველა მონაწილისთვის, არაფერი ემუქრება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დელეგაცია მისი განახლებული შემადგენლობით არ შეეცდება, რომ ნაცვლად იმისა, რომ  რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გამყარების რეალურ პრობლემებზე ისაუბროს, უაზრო პოლიტიზირებული დავა წამოიწყოს გამოგონილი საბაბით“, – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას ჟენევის დისკუსიებზე მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული მხარე კვლავ დააყენებს თბილისსა და სოხუმს და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის „ძალის არგამოყენების შესახებ სავალდებულო ხელშეკრულებათა“ ხელმოწერის საკითხს.

საქართველო აცხადებს, რომ მან უკვე დადო ცალმხრივად ძალის არგამოყენების პირობა 2010 წელს და რუსეთსაც იმავეს გაკეთებას სთხოვს. რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, რასაც თბილისი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჟენევის მოლაპარაკებებზე მონაწილეები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ერთობლივი განცხადების მიღების შესაძლებლობას  ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. თბილისს სურს, რომ ამ ტექსტში იმის საჭიროებაზე გაკეთდეს მინიშნება, რომ მოსკოვმაც უნდა დადოს ძალის გამოუყენებლობის პირობა.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის მომლაპარაკებლები „მზად არიან კონსტრუქციულად იმუშავონ, მოქნილად მიუდგნენ დისკუსიებს და გაითვალისწინონ მისი ყველა მონაწილის ინტერესები“.

2 დეკემბრის პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე აპირებს თუ არა მოსკოვი ცხინვალთან სოხუმის მსგავსი ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას, ლუკაშევიჩმა უპასუხა, რომ მოსკოვი „მუდმივად მუშაობს სამხრეთ ოსეთთან ჩვენი ურთიერთობების საერთაშორისო, სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებაზე“.

ეს ძალისხმევა ცხინვალთან მიმართებაში, „არ ნიშნავს აუცილებლად იმას“, რომ აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება.

„ეს შესაძლოა იყოს ურთიერთობების განვითარების სხვა ფორმა იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომელთაც 2008 წელს მოეწერათ ხელი“ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთია აღიარა, განაცხადა ლუკაშევიჩმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)