საქართველო საერთაშორისო გამჭვირვალობის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში

საქართველოს მაჩვენებელი ოდნავ გაუმჯობესდა საერთაშორისო გამჭვირვალობის 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, თუმცა ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის და იმაზე მიანიშნებს,  რომ კორუფციის აღქმის დონე საქართველოში სტაბილური დარჩა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.

კორუფციის აღქმის ინდექსით, ქვეყნების შეფასება იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება მათი საჯარო სექტორები და შეფასება ხორციელდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე სუფთა საჯარო სექტორი) შკალაზე.

კორუფციის აღქმის ბოლო კვლევაში, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობამ 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, საქართველოს 50-ე ადგილი უკავია 175 ქვეყანას შორის.

საქართველომ 52 ქულა მიიღო – იგივე რაც 2012 წელს და ოდნავ უკეთესი, ვიდრე 2013 წელს, როდესაც ქვეყანას 49 ქულა მიენიჭა.

„ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო სამი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ.

2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში, 52 ქულით საქართველო 50–ე ადგილს იყოფს მალაიზიასთან და სამოასთან; მათ წინ უსწრებენ  მავრიკის რესპუბლიკა, კოსტა–რიკა და უნგრეთი, ხოლო შემდეგ მოდიან  ჩეხეთი  და სლოვაკეთი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უკან მოდიან კორუფციის აღქმის დონის თვალსაზრისით, არიან ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია და რუმინეთი.

აღნიშნა რა, რომ საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ბოლო წლებში მისი ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველომ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი  „შემდგომი პროგრესისა და საქართველოში კორუფციის პრევენციის ეფექტიანი სისტემის ფორმირებისთვის“.

ამ საკითხებს შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ დაასახელა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი; ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის გამიზნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების, მათ შორის  თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემების გადამოწმების მექანიზმის, შექმნა; დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში; დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად; საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა; სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)